ბელგიამ ჯგუფი მოიგო | დრამა ირანისა და ეგვიპტეს შეხვედრაში
ბელგიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის G ჯგუფი მოიგო. ირანთან და ეგვიპტესთან ნათამაშები ორი ფრის შემდეგ „წითელი ეშმაკები“ ახალ ზელანდიას დაუპირისპირდნენ და მეტოქე გაანადგურეს — 5:1.
მატჩში ანგარიში 28-ე წუთზე გაიხსნა. კევინ დე ბრუინის კუთხურის შემდეგ ლეანდრო ტროსარმა საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. ბელგიამ პირველი ტაიმი 1:0 მოიგო, 50-ე წუთზე კი ტროსარმა დუბლი გაიფორმა.
66-ე წუთზე „კეიდიბიმ“ გაიტანა და ბელგიას ის სამბურთიანი უპირატესობა მოუპოვა, რომელიც „წითელ ეშმაკებს“ ჯგუფის მოგების საშუალებას აძლევდათ. 84-ე წუთზე ელაია იუსტმა ბელგიელები აანერვიულა და ჩამორჩენა ორ ბურთამდე დაიყვანა — 1:3. 86-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა რომელუ ლუკაკუმ გაიტანა, მსაჯის მიერ დამატებულ მეოთხე წუთზე კი მისი პასით თავი ალექსის სალემაეკერსმა გამოიჩინა — 5:1.
ბელგიისა და ახალი ზელანდიის მატჩის პარალელურად ირანისა და ეგვიპტეს შეხვედრა მიმდინარეობდა. „ფარაონები“ მაჰმუდ საბერის გოლით იგებდნენ, მაგრამ რამინ რეზაეინმა წონასწორობა აღადგინა, მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე შოჯა ხალილზადემ ირანი დააწინაურა, მაგრამ თამაშგარე მდგომარეობის გამო გოლი გაუქმდა, შემდეგ კი ირანელებს არ გაუმართლათ და ბურთი ხარიხას ორჯერ გაარტყეს — 1:1.
ბელგიამ 5 ქულა დააგროვა, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და პლეიოფში მათი მეტოქის ვინაობა ცნობილი ჯერ არ არის. სამაგიეროდ, ვიცით, რომ ეგვიპტე პლეიოფში ავსტრალიას დაუპირისპირდება, ირანი კი ბოლო ტურის დასრულებას უნდა დაელოდოს, რათა გაარკვიოს ჯგუფიდან გავა თუ არა.