სამივე დისტანციაზე საუკეთესო შედეგი - მოცურავეების წარმატება
ესპანეთის ქალაქ ხიხონში გამართულ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრების მოცურავეებმა წარმატებით იასპარეზეს. უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია ახალგაზრდული ნაკრების წევრის მიხეილ სერედინსკის მიღწევა, რომელმაც სამივე დისტანციაზე კარიერაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.
სერედინსკიმ თავისუფალი ყაიდით ცურვაში 400, 800 და 1500 მეტრზე მოსინჯა ძალები და საუკეთესო შთაბეჭდილება დატოვა. მან 1500 მეტრზე პირველი ადგილი დაიკავა, რითაც ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის საგზური მოიპოვა, რომელსაც ივლისში გერმანიის ქალაქი მიუნხენი უმასპინძლებს. რაც შეეხება 800 მეტრზე გაცურვას, ამ დისტანციზე სერედინსკის მეორე მაჩვენებელი ჰქონდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
ეროვნული ნაკრების წევრმა სანდრო ერაძემ ბრასის დისციპლინაში 200-მეტრიანი მანძილი 2 წუთსა და 21 წამში, ხოლო 100-მეტრიანი დისტანცია წუთსა და 4 წამში დაფარა. აქვე გეტყვით, რომ საქართველოსა და ესპანეთის გარდა, ტურნირზე პორტუგალიისა და იტალიის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.