„მას მხარს ვეღარ დავუჭერთ“ - ინფანტინოს იტალიელებიც უპირისპირდებიან
ჯანი ინფანტინოს ბოლო პერიოდში UEFA-ს წევრი ქვეყნების საფეხბურთო ასოციაციების მხრიდან რომ დიდი კრიტიკა შეხვდა, ამის შესახებ ყველამ ყველაფერი კარგად იცის და გასაკვირი არაფერია. თუმცა, მაინც ძნელად წარმოსადგენი იყო ის ფაქტი, რომ FIFA-ს პრეზიდენტს, რომელსაც იტალიური ფესვები აქვს და წარმოშობით კალაბრიიდან არის, იტალიის ფეხბურთის ფედერაციაც დაუპირისპირდებოდა. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს არჩევნებში აპენინელების მხარდაჭერის იმედი რომ არ უნდა ჰქონდეს, ამის თაობაზე ინფანტინოს იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ჯოვანი მალაგომ სპეციალური განცხადებით აცნობა:
„ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას UEFA-სთან და ევროპული ქვეყნების ფედერაციების წარმომადგენლებთან საიმისოდ, რომ ფეხბურთის იდეის კიდევ უფრო პოპულარიზაცია მოვახდინოთ. რომელიც დაფუძნებულია დამსახურებებზე, სოლიდარობაზე და სადაც უმთავრესი როლი გულშემატკივრებს აქვთ. ვიზიარებთ დიალოგის, გახსნილობისა და საერთო პასუხისმგებლობის მოდელს, რამაც ამ დრომდე ფეხბურთის ზრდას, ინოვაციების დანერგვასა და პრინციპების დაცვას შეუწყო ხელი. ბოლოდროინდელი სკანდალებიდან გამომდინარე, ინფანტინომ ამ გზას გადაუხვია, რის გამოც არჩევნებში მის კანდიდატურას მხარს ვერ დავუჭერთ“.
ცნობისათვის, საქმეში კარგად ჩახედული ადამიანების აზრით, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პოზიცია მეტწილად UEFA-ს პრეზიდენტის, ალექსანდრ ჩეფერინის სიმპათიების მოპოვებისკენ არის მიმართული, რომელიც აპენინელებს დაემუქრა, რომ თუ ინფრასტრუქტურას არ მოაწესრიგებენ, ევრო 2032-ის თანამასპინძლის სტატუსს ჩამოართმევენ და ექვსი წლის შემდგომ გასამართი კონტინენტის პირველობის ჩატარებას მხოლოდ თურქეთს მიანდობენ.