ფოთის წყალსათხილამურო ბაზაზე ორი საერთაშორისო ღონისძიება გაიმართება
ფოთში, მალთაყვის ტერიტორიაზე მდებარე „ოქროს ტბის“ წყალსათხილამურო ბაზაზე, ორი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიება გაიმართება. 20-21 ივლისს Poti Pro-Am International Water Ski Tournament უმასპინძლებს, ხოლო 24-26 ივლისს ევროპის და აფრიკის ღია ჩემპიონატი ჩატარდება.
ორივე ღონისძიება International Waterski & Wakeboard Federation (IWWF) ეგიდით გაიმართება. ტურნირების ორგანიზატორები არიან საქართველოს წყალსათხილამურო სპორტის ეროვნული ფედერაცია და „ფოთის ტბის კლუბი“. ღონისძიების მხარდამჭერები არიან საქართველოს სპორტის სამინისტრო და ფოთის მუნიციპალიტეტის მერია.
ჩემპიონატის მასპინძლობაში ჩართული იქნება 25-დან 35-მდე სპეციალისტი, უსაფრთხოების ჯგუფები, ტექნიკური და სამედიცინო პერსონალი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები. შეჯიბრებები გაიმართება წყალსათხილამურო სპორტის სამ ძირითად სახეობაში: სლალომი, ფიგურები და ტრამპლინიდან ხტომა.
ტურნირი ოფიციალურად 20 ივლისს გაიხსნება და მასში მონაწილეობას მიიღებენ ხუთივე კონტინენტის სპორტსმენები, მათ შორის ამ სპორტის ცნობილი ქართველი წარმომადგენელი გენადი გურალია.
24-26 ივლისს კი ევროპისა და აფრიკის ღია წყალსათხილამურო ჩემპიონატი გაიმართება, რომელშიც 20-ზე მეტი ქვეყნიდან 120 სპორტსმენამდე იასპარეზებს. საგულისხმოა, რომ აღნიშნული ტურნირების მასპინძლობისთვის დავაში ფოთმა ისეთი ძლიერი კონკურენტი დაამარცხა, როგორიც მონაკოა.
წყალსათხილამურო სპორტის ფედერაციამ მალთაყვაში ორდღიანი სპეციალური მედია ტური მოაწყო. სპორტულ ჟურნალისტებს მასპინძლობა ფედერაციის პრეზიდენტმა რატი მელიამ, პიარის სამსახურის უფროსმა ნინი ვადაჩკორიამ და საორგანიზაციო ჯგუფის სხვა წევრებმა გაუწიეს, რომლებმაც მედიის წარმომადგენლებს ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინეს და ტურნირის სამზადისის ყველა დეტალი გააცნეს.