3 მედალი 4 რეკორდის ფონზე - მოცურავეების საოცარი გამოსვლა
ბელგიაში მოცურავეთა ევროპის ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრების წევრებმა საოცარი შედეგები აჩვენეს. ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლების ანგარიშზე 1 ოქროსა და 2 ვერცხლის მედალია. გარდა ამისა, ქართველმა მოცურავეებმა საქართველოს 4 რეკორდი დაამყარეს, ხოლო ეროვნული გუნდის 8 წევრმა კარიერის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.
ჩვენი ქვეყნის საუკეთესო მოცურავემ ნოე ფანცხავამ 50-მეტრიან დისტანციაზე გულაღმა ცურვაში პირველი ადგილი დაიკავა და ისტორიული შედეგი (0:25,01წამი) დააფიქსირა, რითაც თავისივე შედეგი (0:25,24 წამი) გააუმჯობესა და FINA-ს რეიტინგში 834 ქულა დააგროვა, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია. ფანცხავამ ოქროს მედალი ფინალურ გაცურვაში მასპინძელი სპორტსმენის დამარცხებით მოიპოვა, რომელიც ევროპის რეკორდის ავტორი იყო.
მშვენივრად იასპარეზა ანა ნიჟარაძემაც, რომელიც ბატერფლაის დისციპლინაში 50-მეტრიან ცურვაში ვერცხლის პრიზიორი გახდა. მან ერთ დღეში საკუთარი რეკორდი ორჯერ - საკვალიფიკაციო (0:27,42 წამი) და ფინალურ (0:27,25 წამი) გაცურვაში გააუმჯობესა. რაც შეეხება ანა კალანდაძეს, მან 800-მეტრზე თავისუფალი ყაიდით გაცურვაში (8:47:54 წუთი) საქართველოს რეკორდი დაამყარა.