ორი ოქრო და ევროპის რეკორდი - მოცურავეების წარმატება მასტერსზე
არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში გამართულ მასტერსზე ვეტერანმა ქართველმა მოცურავეებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია წარსულში ცნობილი ქართველი სპორტსმენის და ოლიმპიური თამაშების მონაწილის, ირაკლი რევიშვილის შედეგი, რომელიც კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ორ დისციპლინაში ავიდა, ხოლო ზაზა კობახიძემ პირადი კოლექცია ვერცხლის მედლით შეივსო.
შეჯიბრების პირველ დღეს რევიშვილმა 800-მეტრიანი დისტანცია თავისუფალი სტილით გაცურვაში 8 წუთსა და 35 წამში დაფარა და პირველი ადგილი დაიკავა. ოქროს მედალი მან ასევე არავის დაუთმო 400-მეტრიან მანძილზე, რომელიც 4 წუთსა 4 წამში დაფარა და 35-დან 39-წლამდე ასაკის მოცურავეთა შორის შეჯიბრებებში ევროპის ყველა დროის რეკორდსმენი გახდა.
ცნობისათვის, ამავე ტურნირზე კიდევ ერთი ქართველი ვეტერანი მოცურავე ზაზა კობახიძე 45-49 წლამდე ასაკის მოცურავეთა შორის ასპარეზობდა, რომელმაც სტარტი ორ დისციპლინაში აიღო და 400 მეტრზე თავისუფალი სტილით გაცურვაში - მეოთხე, ხოლო 50 მეტრზე ბატერფლაით გაცურვაში მეორე ადგილი დაიკავა.