„მეტის მოლოდინი გვქონდა“ - იმედაცრუებული კაპიტანი
ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების წევრთა უმეტესობა აღნიშნავდა, რომ კარგი მოსამზადებელი ეტაპი გაიარეს და ქართველი გულშემატკივარი განსაკუთრებული შედეგით უნდა გაეხარებინათ. თუმცა, სამწუხაროდ, მათი იმედები ფუჭი აღმოჩნდა და ჩვენი ქვეყნის ეროვნულმა გუნდმა ბევრით არაფრით გამორჩეული ტურნირი ჩაატარა. რამ გამოიწვია წარუმატებლობა, ამის თაობაზე საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის ვებ-გვერდთან ნაკრების კაპიტანმა რევაზ იმნაიშვილმა ასეთი კომენტარი გააკეთა:
„აშკარად უფრო მეტის მოლოდინი გვქონდა - ყოველდღიურად ვმუშაობდით იმისათვის, რომ რვა საუკეთესო გუნდს შორის მოვხვედრილიყავით. იყო რაღაც კარგი მომენტები, მაგრამ საერთო ჯამში კმაყოფილები ვერანაირად ვერ ვიქნებით. დამწუხრებულები ვართ, მაგრამ შრომას და ენერგიას არასოდეს ვიშურებთ, რის გამოც მჯერა, რომ უფრო ძლიერები დავბრუნდებით“.
ცნობისათვის, საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის პირველობაზე საუკეთესო შედეგი 2022 წელს აჩვენა, როდესაც მერვე ადგილი დაიკავა და წელსაც ანალოგიური შედეგის მიღწევის შემთხვევაში მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს ავტომატურად მოიპოვებდა.