აპოლომ სამიდან ერთი მოიგო - საქართველოს ჩემპიონმა ევროთასზე გადაინაცვლა
თბილისში, სპორტკომპლექს „ოლიმპიკის“ საცურაო აუზზე სამი დღის განმავლობაში წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფის მატჩები ტარდებოდა, სადაც „აპოლოს“ მეტოქეები მონტენეგროს „ბუდვა“, ესპანეთის „საბადელი“ და იტალიის „ბრეშა“ იყვნენ. საქართველოს ჩემპიონმა სამიდან ერთი მატჩი მოიგო და ყველაზე პრესტიჟული ევროტურნირის ფინალურ ეტაპზე ვერ მოხვდა.
ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ქართველმა წყალბურთელებმა „ბუდვა“ 3-ბურთიანი სხვაობით, 19:16 დაამარცხეს და ამ მატჩში ჩვენი გუნდის შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი 6 გოლით ვუკ დრაშკოვიჩი იყო. მეორე ტურში „აპოლო“ „ბრეშასთან“ 17:21 დამარცხდა და მასპინძლების რიგებში ყველაზე მეტი 6 ბურთი ნიკოლა მოსკოვმა გაიტანა. რაც შეეხება მესამე ტურს, საქართველოს საუკეთესო გუნდმა „საბადელთან“ შეხვედრა 12:22 დათმო და „აპოლოდან“ მატჩის ბომბარდირი 5 გოლის ავტორი ფილიპ გარდაშევიჩი გახდა.
ამგვარად, ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება „საბადელმა“ და „ბრეშამ“ მოიპოვეს, ხოლო „აპოლო“ და „ბუდვა“ ასპარეზობას ევროთასის გათამაშებაში განაგრძობენ, სადაც საქართველოს ჩემპიონის მეტოქეები კენჭისყრის შედეგად გაირკვევა.