ორი ოვერტაიმი - გაგრა და დილა ნახევარფინალში გავიდნენ
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალური მატჩები როგორც მოსალოდნელი იყო დაძაბულობით სავსე გამოდგა და როგორც „გაგრა“ – „არაგვის“, ასევე „დილა“ – „სამგურალის“ შეხვედრაში ნახევარფინალისტის ვინაობის გამოსავლენად ძირითადი დრო საკმარისი არ აღმოჩნდა.
თავდაპირველად „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ გამართულ „გაგრა“ – „არაგვის“ დაპირისპირებაზე მოგიყვებით, სადაც სტუმრები 94-ე წუთზე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ, რადგან „არაგვის“ განელმა ლეგიონერმა ენდი ოპონგიმ უხეშობისთვის მეორე ყვითელი და ავტომატურად წითელი ბარათი მიიღო. 120 წუთი კი ნულოვანი ფრით დასრულდა და გამარჯვებული პენალტების სერიაში გამოვლინდა, სადაც მასპინძლების რიგებში გადამწყვეტი დარტყმა ზუსტად დავით მუჯირმა შეასრულა, ხოლო დუშელების მხრიდან თორნიკე ბზეკალავამ ააცილა და მომდევნო ეტაპზე „გაგრა“ გავიდა.
თითქოს „დილა“ – „სამგურალის“ მატჩშიც ყველაფერი თერთმეტმეტრიანების სერიას უნდა გადაეწყვიტა, თუმცა 120 წუთს დამატებულ პირველ კომპენსირებულ წუთზე გიორგი კობახიძემ სტუმართა საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა და „დილას“ 2:1 გამარჯვება მოუტანა. იქამდე კი გოლები ალიუნე ტალიმ და ნიკო ცეცხლაძემ გაცვალეს, რომელსაც მართლაც ბრწყინვალე დარტყმა გამოუვიდა.
ცნობისათვის, Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის მორიგ, 23-ე ტურში „დილა“ 31 აგვისტოს სტუმრად თბილისის „დინამოს“ შეხვდება, ხოლო „გაგრა“ ამავე დღეს ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს, „იბერია 1999“-ს უმასპინძლებს.