2 ოქრო, 3 ბრინჯაო - კარატისტებმა გრან პრიზე გაიბრწყინეს
საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული გუნდისთვის სლოვაკეთის გრან პრის სახელწოდებით ცნობილი ტურნირი წარმატებული გამოდგა. ჩვენი ქვეყნის ნაკრების წევრებმა, რომლებიც შეჯიბრებისთვის წარსულში ცნობილმა კარატისტმა და ოლიმპიური თამაშების მონაწილემ გოგიტა არქანიამ მოამზადა, საერთო ჯამში ხუთი მედალი მოიპოვეს, საიდანაც ორი უმაღლესი სინჯის, სამი კი ბრინჯაოსი გამოდგა.
21-წლამდე კარატისტებს შორის კუმიტეში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ნოდარ სუპატაშვილი ავიდა, რომელიც 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. კიდევ ერთი, ამჯერად ბრინჯაოს მედალი სუპატაშვილმა ჩვენი ქვეყნის დელეგაციას 18+ ასაკის კარატისტებს შორის მოუტანა. სლოვაკეთის გრან პრის გამარჯვებული ასევე გახდა ალექსანდრე არქანია, რომელიც 12-წლამდე სპორტსმენებს შორის 35 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდიოდა. ორი ბრინჯაოს მედალი კი ლიკა ხურცილავამ კატას დისციპლინაში 18+ და 21-წლამდე კატეგორიებში მოიპოვა.
ცნობისათვის, სლოვაკეთის გრან პრიში საერთო ჯამში 47 ქვეყნის 3800-მდე კარატისტი მონაწილეობდა.