მსხალაძეების წარმატება - პირველი ჩემპიონობა და მსოფლიოს ლიცენზია
ლატვიის დედაქალაქ რიგაში გამართული ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი საქართველოს კონტაქტური კარატეს ნაკრების წევრებმა ტრიუმფალურად დაასრულეს. ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებმა სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში საერთო ჯამში 6 ოქროს, 2 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და განსაკუთრებით გამოსარჩევი და-ძმა მსხალაძეების წარმატებაა.
დავით მსხალაძე ევროპის აბსოლუტური ჩემპიონი გახდა, რითაც 2027 წელს იაპონიაში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის ლიცენზია მოიპოვა და თანაც, ოფიციალურად გაირკვა, რომ პლანეტის პირველობაზე ევროპის კონტინენტიდან ის რეიტინგით ნომერ პირველი კარატისტი იქნება. კონტინენტის პირველობის გამარჯვებული გახდა დავითის და, ანამარია მსხალაძე (60 კგ), რომელმაც ეს ტიტული კარიერაში პირველად მოიპოვა და ძმა დიმიტრი, რომელმაც უმაღლესი სინჯის მედალი 70 კილოგრამში მოიგო. მსხალაძეების გარდა, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ანა ძიძიკაშვილი (50 კგ), ავთანდილ პარწიკანაშვილი (+90 კგ) და ედუარდ ზადურიანი (50 კგ) ავიდნენ - მან ფინალში თანამემამულე დემეტრე კაჭარავა დაამარცხა.
ცნობისათის, დემეტრე კაჭარავას გარდა, ევროპის ვიცე-ჩემპიონები გიორგი გვიანიძე (55 კგ) და არტურ არუთუნიანი (65 კგ) გახდნენ, ხოლო ლუკა მგელაძემ (60 კგ), ოსკარ ჰინშლეიმ (70 კგ), ნიკოლოზ ნაგერვაძემ (85 კგ), და ლიზი ჯინჭარაძემ (50 კგ) მესამე საპრიზო ადგილი დაიკავეს.