პირველი მედალი კატას დისციპლინაში - კარატისტებმა მსოფლიოზე გაიბრწყინეს
მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე სპორტულ კარატეში ქართველ სპორტსმენს მედალი კუმიტეს დისციპლინაში აქამდე მოპოვებული ჰქონდა, კატაში კი არასოდეს და საქართველოსთვის ეს უსიამოვნო ტრადიცია პოლონეთის ქალაქ ბიელსკო-ბიალაში დაირღვა, სადაც ანატასია ჩაფიძემ ჩვენს ქვეყანას ისტორიული წარმატება მოუტანა და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
ჩაფიძის წარმატება ბუნებრივია ბევრი რამის გამო არის დასაფასებელი და პირველ რიგში იმიტომ, რომ ამ დისციპლინაში ქართველი კარატისტებისთვის წარმატების მისაღწევად სამომავლოდ ერთგვარი ბიძგის მიმცემი იქნება. ანასტასიას გარდა, ჩვენი ქვეყნის დელეგაციას კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალი ლევან დადეშქელიანმა მოუტანა, რომელიც კუმიტეში 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი დადებითი სხვა მხრივაც იყო - კარატეს ხუთმა ქართველმა მსაჯმა, გელა ახალაძემ, მეო ვარგასმა, თამუნა თურმანიძემ, ცირა სამუშიამ და დარია სოროკამ სპეციალური ლიცენზიები აიღეს, რაც მათ სამომავლოდ მსგავსი სახის მასშტაბურ ტურნირებზე მუშაობის საშუალებას მისცემს.
ცნობისათვის, მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი 14-დან 18 ოქტომბრამდე მიმდინარეობდა, სადაც 114-ზე მეტი ქვეყნის 2000 კარატისტი მონაწილეობდა, ხოლო ჩვენი ქვეყანა ტურნირზე 20 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს