კორმიე: ილია ჰოლოუეის ისე გაუსწორდა, როგორც დანა კარაქს
UFC on Paramount+-ის ეთერში ილია თოფურიას მაქს ჰოლოუეიზე გამარჯვება გაიხსენეს. კორმიე ხაზს უსვამს, რომ ილიამ იოლად, დამაჯერებლად გაიმარჯვა და ამით კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი განსაკუთრებული ნიჭი. კორმიემ ილიას თაობის ტალანტი უწოდა. მისი აზრით, ილია გამორჩეული და ნიჭიერი მებრძოლია, მსგავსი მონაცემების მებრძოლები იშვიათად იბადებიან.
დანიელ კორმიე, ჯო როგანი და ჯონ ანიკი ოლივეირა-ცარუაკიანის საკითხსაც შეეხნენ. კორმიეს აზრით, ცარუკიანი ოლივეირასთან მეორე ბრძოლის გამართვას არ დათანხმდება.
დენიელ კორმიე: "ძმაო, 10 მესიჯი მივიღე, სადაც მწერდნენ: 'ეს განახებს, თუ რა მაგარია ილია თოფურია'. იმიტომ, რომ ის მას ისე გაუსწორდა, როგორც დანა — კარაქს. ჩვენ აქ ამ ბიჭის სახით, თაობის ტალანტზე ვსაუბრობთ."
ჯო როგანი: "მე ის ფაქტი მომწონს, რომ ოლივეირამ თეთრ სახლში ითხოვა ბრძოლის გამართვა. გთხოვთ, გთხოვთ, მოუძებნეთ ამ კაცს საცეკვაო პარტნიორი (მოწინააღმდეგე)."
კორმიე: "მაგრამ ვის? არ ვიცი, მანდ ვის უნდა ეჩხუბოს."
როგანი: "მაგრამ ვინ? ვინ, თოფურიას გარდა, ხომ? თოფურია გეიჯისთან არის დაკავებული. აბა ვინ?"
ჯონ ანიკი: "ხო, მართალია. არმან ცარუკიანი მას რევანშზე არ დათანხმდება..."
კორმიე: "არა. არმანი მას მეორედ არ ეჩხუბება, რატომ უნდა ქნას ეს?"
როგანი: "ნუ, იჩხუბებდა, თუ ამ ბრძოლას შესთავაზებდნენ."
კორმიე: "როცა, როგორც ჩანს, სატიტულო ბრძოლას იღებ, რატომ უნდა ეჩხუბო ამ ტიპს?"
ჯონ ანიკი: "კი, მაგრამ..."
ჯო როგანი: "იმიტომ რომ ეს BMF-ის სატიტულო ბრძოლაა. მაგრამ მართლა შეძლებდი ამის ორგანიზებას? ცარუკიანი ამდენი ხანია არ ჩანს, მის გარშემო ამდენი სკანდალია და ახლახან ჭიდაობის მატჩზეც იჩხუბა."
კორმიე: "კი, გიჟია ეგ."
შეგახსენებთ, 2024 წლის აპრილში ცარუკიანმა ჩარლზ ოლივეირა მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
14 ივნისს (თბილისის დროით უკვე 15 ივნისს) აშშ-ის პრეზიდენტის რეზიდენცია, თეთრი სახლი, UFC-ის ღონისძიებას უმასპინძლებს. 2026 წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიების სახელია UFC Freedom 250 და მისი მონაწილეების ვინაობა უკვე ოფიციალურად დადასტურდა. UFC Freedom 250-ის მთავარ ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდება. „ელ მატადორი“ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარს დაიცავს და დროებითი საჩემპიონო ქამრის მფლობელს შეხვდება. თოფურია აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც უწერია, რომ მისი რეკორდი უკვე 18:0-ია (ამჟამად 17:0 აქვს).