ნიკოლაიშვილი აბდუშელიშვილმა შეცვალა - რურუამ კანდიდატურა მოხსნა
საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციას მომდევნო 4 წლის განმავლობაში დიმიტრი აბდუშელიშვილი უხელმძღვანელებს. დღეს გამართულ საარჩევნო-საანგარიშო ყრილობას ხმის მიცემის უფლების მქონე 40 სუბიექტიდან 33 დაესწრო, რაც სრულიად საკმარისი გახლდათ ყრილობისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად უფლებამოსილების მინიჭებისთვის.
დღემდე ორი საპრეზიდენტო კანდიდატი იყო და წესით აბდუშელიშვილის კონკურენტი ზურაბ რურუა უნდა ყოფილიყო, თუმცა საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი ყრილობაზე საერთოდ არ მივიდა და საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, რის თაობაზეც დელეგატებსა და დამსწრე საზოგადოებას ელექტრონული ფოსტის საშუალებით აცნობა.
ახალი პრეზიდენტის განცხადებით 10 მარტამდე ის კიდევ ერთ ყრილობას მოიწვევს, სადაც გამგეობის ახალი შემადგენლობა და ვიცე-პრეზიდენტები უნდა დამტკიცდეს. დიმიტრი აბდუშელიშვილმა საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე ალექსანდრე ნიკოლაიშვილი შეცვალა.