„რთულად დავიწყეთ, მაგრამ კარგად დავასრულეთ“ - წყალბურთელები გამარჯვების შემდეგ
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე წყალბურთის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი გამარჯვება მოიპოვა. ჩვენმა გუნდმა ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში სლოვენია 11-ბურთიანი სხვაობით, 22:11 დაამარცხა და მეორე ჯგუფური ეტაპის საგზური მოიპოვა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების წყალბურთელებმა და მთავარმა მწვრთნელმა განვლილი მატჩი შეაფასეს.
გიორგი მაგრაქველიძე:
დასაწყისი ცოტა მძიმე იყო, რაც პირველი ორი თამაშის შემდეგ მოსალოდნელიც იყო. ამის გამო, დასაწყისში ტაქტიკურად დამაჯერებლად ვერ ვითამაშეთ. მაგრამ კლასის, ჩვენი ფორმისა და ბიჭების მენდომების ხარჯზე მეტოქე მესამე პერიოდში გავტეხეთ. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ეს მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ძალიან გახარებულები ვართ და შემდეგ თამაშებს ველოდებით.
ანდრია ვლაჰოვიჩი:
პირველ რიგში, ჩემს გუნდს ვულოცავ ამ გამარჯვებას. პირველ ორ მეოთხედში კარგად ვერ ვითამაშეთ, შემდეგ შევძელით შეცდომების გამოსწორება. ვიპოვეთ ის რიტმი, რომელიც გვინდოდა. პირველი ორი თამაშის შემდეგ, ეს მენტალურად მარტივი არ იყო, მაგრამ დასასრულს ჩვენთვის ძალიან კარგი შედეგი დადგა. თავდაჯერება ავიმაღლეთ და შემდეგი თამაშებისთვის მოვემზადებით.
ათანასიოს კეჩაგიასი (მთავარი მწვრთნელი):
პირველ რიგში, მოთამაშეებს ვულოცავ, რადგან ეს გამარჯვება მათი დამსახურებაა. თამაშის შუამდე ცოტა გაგვიჭირდა, მაგრამ მესამე მეოთხედში დაცვაში თამაში გამოვასწორეთ. ამან მეტი აგრესიულობა შეგვმატა, კონტრშეტევებზე მარტივი გოლები გავიტანეთ და თამაშიც საკმაოდ იოლად მივიყვანთ ბოლომდე.
რატომ გვქონდა მცირე პრობლემები პირველ ორ პერიოდში? თამაში ოთხი მეოთხედისგან შედგება. რა თქმა უნდა, პირველს დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ბოლო ორი მეოთხედი გადამწყვეტია. როგორც წესი, ასეთ შეხვედრებში ყველაზე დიდი დაძაბულობაა, რაც ფეხბურთელების ნერვიულობას იწვევს. თუმცა, ვფიქრობ, სიმშვიდე შევინარჩუნეთ, სიტუაციას კარგად გავართვით თავი და საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა.
ამ მოგებით, ჩვენმა გუნდმა B ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავა და მეორე ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. შესაბამისად, ქართველი წყალბურთელები ევროპის ჩემპიონატზე მინიმუმ კიდევ სამ შეხვედრას გამართავენ, მეტოქეები კი იტალიის, რუმინეთისა და თურქეთის ნაკრებები იქნებიან.