„აპოლოში დიდი და განსხვავებული ამბიციები დავინახე“ - ვარგა ტრანსფერის მიზეზებზე
რამდენიმე თვის წინ საქართველოს წყალბურთის კლუბმა „აპოლომ“ ისეთი ტრანსფერი განახორციელა, რომ სპორტის ამ სახეობის გულშემატკივრების ყურადღება მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიიქცია. ჩვენი ქვეყნის ჩემპიონმა 38 წლის უნგრელი წყალბურთელი დენეშ ვარგა დაიმატა, რომელსაც თავისი ქვეყნის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ორჯერ მსოფლიოს ჩემპიონატი, თითოჯერ კი ოლიმპიადა და ევროპის პირველობა აქვს მოგებული. რით იყო განპირობებული მისი მხრიდან „აპოლოს“ წინადადებაზე დათანხმება, ამის თაობაზე ლეგენდარულმა სპორტსმენმა European Aquatics Water Polo-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
დენეშ ვარგა
შევუერთდი აპოლოს, რადგან მას განსხვავებული და ძალიან დიდი ამბიციები აქვს. პირველი მოთამაშე ვარ, ვინც იქ გადავიდა. მინდა ვიყო მაგალითი და ნდობის საფუძველი მათთვის, ვინც ჩემს კვალს გაჰყვება. საწვრთნელ პროცესთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ მაქვს. მაშინაც კი, როცა შეჯიბრება არ გვაქვს ან ვალდებული არ ვარ, მაინც დამოუკიდებლად ვვარჯიშობ. ეს ჩემთვის ბუნებრივია - ასეთია ცხოვრება. ყოველდღე უნდა ივარჯიშო და იშრომო რომ ფორმაში იყო, დანარჩენი უკვე სიამოვნებაა. ზოგჯერ საკუთარი თავის მიკვირს.
შეგახსენებთ, რომ „აპოლო“ ამჟამად საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში ევროპის კონფერენს თასზე ასპარეზობს და პირველ ტურში უნგრეთის „ჰონვედთან“ მატჩის ძირითადი დრო ფრედ 14:14 დასრულდა, ხუთმეტრიანებში კი საქართველოს ჩემპიონი დამარცხდა. მომდევნო ტურში ქართველი წყალბურთელები ხვალ, ხორვატიის „პრიმორიეს“ შეხვდებიან და თამაში თბილისის დროით 21:30 წუთზე დაიწყება.