მსოფლიო თასი - ცნობილია საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების შემადგენლობა
Aa
Aa

მსოფლიო თასი - ცნობილია საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების შემადგენლობა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიოს თასის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობისთვის მზადაა. რევაზ ჩომახიძის გუნდი ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში იმყოფება, სადაც 23 ივლისიდან მსოფლიოს რვა უძლიერესი ნაკრების მონაწილეობით გამართულ პრესტიჟულ ტურნირში ჩაერთვება.

რევაზ ჩომახიძემ მსოფლიოს თასისთვის 15-კაციანი შემადგენლობა შეარჩია. გუნდში არიან: ბექა კაპანაძე, გიორგი გვეტაძე, ნიკა შუშიაშვილი, ლუკა ჩიქოვანი, სანდრო ადეიშვილი, ვალიკო დადვანი, ანდრია ბითაძე, გიორგი მესხი, გიორგი მაგრაქველიძე, ხვიჩა ჯახაია, ბესარიონ ახვლედიანი, საბა ტყეშელაშვილი, დრაგოლუბ როგაჩი, საბა მაჭავარიანი და დუშან ვასიჩი. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს თასის ფინალურ ეტაპზე ისტორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგის მიღწევას შეეცდება.

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალურ ეტაპზე პირველ შეხვედრას იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 23 ივლისს, თბილისის დროით 09:00 საათზე დაიწყება. გამარჯვების შემთხვევაში ქართველი წყალბურთელები ნახევარფინალში საბერძნეთის ნაკრებსა და მონტენეგროს ნაკრებს შორის გამარჯვებულს შეხვდებიან. ტურნირის დანარჩენ მეოთხედფინალურ წყვილებში ესპანეთი ავსტრალიას დაუპირისპირდება, ხოლო უნგრეთი ხორვატიას შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს თასის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება საქართველოს ნაკრებმა აპრილში გამართული საკვალიფიკაციო ტურნირის შემდეგ მოიპოვა. ჯგუფურ ეტაპზე ქართველებმა თურქეთთან დრამატულ შეხვედრაში 16:17 წააგეს, ბრაზილიასთან 12:12 ითამაშეს, ხოლო სლოვენია 24:7 დაამარცხეს.

პლეი-ოფში ჩომახიძის გუნდი გაცილებით დამაჯერებლად გამოიყურებოდა. საქართველოს ნაკრებმა ჯერ თურქეთს 19:12 სძლია, შემდეგ უკრაინა 20:9 დაამარცხა, ნახევარფინალში კი გერმანიას 19:13 აჯობა. ფინალში ქართველები მონტენეგროსთან 17:19 დამარცხდნენ, თუმცა ამ შედეგმაც მსოფლიოს თასის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოუტანა.

მსგავსი სიახლეები