ეროვნულ ნაკრებს ნინიაშვილი დაემატა | სიახლეები ბორჯღალოსნებში
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, 21 თებერვალს თბილისში, „ავჭალაზე“ ესპანელ „ლომებს“ დაუხვდება და მათი დამარცხებით 2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ა ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებას შეეცდება. თამაში 15 საათზე დაიწყება.
ჯგუფური ეტაპის განვლილ ორ ტურში ორივე გუნდმა გამარჯვებები მოიპოვა დათასის ნახევარფინალში თამაში ორივემ დაიბევა. ბორჯღალოსნებმა სტუმრად ჯერ შვეიცარია დაამარცხა 54:3, მერე კი ნიდერლანდები - 61:12. ესპანეთმა ნიდერლანდებს ამსტერდამში 51:33 აჯობა, შვეიცარიას კი შინ დაუხვდა და 53:14 სძლია. გუნდებს 10-10 ქულა აქვთ და საქართველო ესპანეთს გატანილ-გაშვებული ქულების უკეთესი ბალანსით ჯობნის.
მომავალმა შეხვედრამ უნდა გაარკვიოს ვინ დაიკავებს ჯგუფში პირველ ადგილს და შესაბამისად, ვინ ისარგებლებს თასის ნახევარფინალში საკუთარი მოედნის უპირატესობით. ნახევარფინალები 7 და 8 მარტს გაიმართება.
ბ ჯგუფში ქულათა მაქსიმუმი (10) პორტუგალიამ მოაგროვა, პირველ ადგილზე და ნახევარფინალის საგზური განაღდებული აქვს, მეორე გუნდის ვინაობა კი დასკვნით ტურში გაირკვევა. ორი თამაშის შემდეგ 5 ქულით მეორე ადგილზე ჯერჯერობით რუმინეთია და ის პორტუგალიას 22 თებერვალს ლისაბონში ეწვევა. 4 ქულა აქვს გერმანიას, ბელგია კი ჯერჯერობით უქულოდაა და ეს გუნდები ერთმანეთს 21 თებერვალს, ბელგიაში შეხვდებიან.
ესპანეთთან თამაშს საქართველო ნამატით ხვდება. გაფართოებულ შემადგენლობას ერთბაშად ექვსი მოთამაშე დაემატა.
შვეიცარიასთან მატჩის შემდეგ გუნდს დაუბრუნდნენ ‘კლერმონის’ ბურჯი გიორგი ახალაძე, ‘ლა როშელის’ კვაჭი ნიკოლოზ სუთიძე, ‘სტად ფრანსეს’ ბურჯი გიორგი მელიქიძე და ‘ტულონის’ მეორეხაზელი გიორგი ჯავახია.
მათ გარდა დაგვემატა ორი ფულბეკი - დავით ნინიაშვილი ‘ლა როშელიდან’ და ლუკა ცირეკიძე ‘შავი ლომიდან’.
საკუთარ კლუბს, ‘ოიონას’ დაუბრუნდა მეორეხაზელი თემურ წულუკიძე.
ესპანეთში რაგბის თამაში მე-20 საუკუნის 20-იან წლებში დაიწყეს, 1923 წელს კი რაგბის ფედერაცია დააარსეს და 1934 წლიდან რაგბი ევროპის წევრები გახდნენ. ნაკრები პირველად 1929 წელს შეიკრიბა და იტალიას 9:0 აჯობა. გუნდმა არსებობის განმავლობაში ერთადერთხელ, 1999 წელს ითამაშა მსოფლიო თასზე და 2027 წელს მსოფლიოს უმაღლეს ფორუმზე მეორედ წარსდგება. ყველაზე დიდი სხვაობით - 90:8, ესპანეთმა 1995 წელს ჩეხეთი დაამარცხა, თავად კი 2001 წელს ავსტრალიასთან დამარცხდა - 10:92. 2000 წელს ერთა თასის (ამჟამად რაგბი ევროპის ჩემპიონატი) დაარსებიდან დღემდე, საქართველო ესპანეთს თითქმის ყოველ წელს ერკინებოდა. გამონაკლისი მხოლოდ 2005 წელი იყო, რის საპირწონედაც „ლომებს“ 2014 წელს ორჯერ ვეთამაშეთ. ჯამში 27 შეხვედრიდან 14 შინ გავმართეთ და 13 სტუმრად, მოვიგეთ 23, ერთი თამაში ფრედ დავასრულეთ, 3-ჯერ კი მეტოქემ იმარჯვა - ბოლოს 2012 წელს და მას შემდეგ ბორჯღალოსნებს ესპანეთთან 15-მატჩიანი გამარჯვებების სერია აქვთ. „ლომებმა“ სამივე გამარჯვება საკუთარ მოედანზე ჩაიწერეს - 2000 წელს, პირველ შეხვედრაში 36:32, 2007 წელს 31:17 და 2012 წელს 25:18. ფრე 6:6 ასევე სტუმრად, ტარაგონაში დაფიქსირდა. ბორჯღალოსნებმა ესპანეთს სარეკორდო სხვაობით 2011 წელს „მიხეილ მესხზე“ მოუგეს - 60:0. ბოლო 15თამაშია გამარჯვება საქართველოს რჩება, თუმცა მეტოქე საკუთარი გულშემატკივრის წინაშე მუდამ თავგამოდებით იბრძვის და 2021 წელს მადრიდში მხოლოდ 6 ქულის სხვაობით (25:19) ვიმარჯვეთ. ბოლოს მათ სტუმრად შარშანვეთამაშეთ და მადრიდში62:32 დავამარცხეთ. შარშან ესპანეთს მეორედაც შევხვდთ, ამჯერად თბილისში „მიხეილ მესხზე“. 2025 წლის რაგბი ევროპის ნახევარფინალში ესპანელებმა პორტუგალია სტუმრად 42:31 დაამარცხეს და ფინალში გავიდნენ, სადაც საქართველომ 46:28 გაიმარჯვა და მე-17-ედ მოიპოვა ჩემპიონის ტიტული. 2011 წლიდან დღემდე, ბორჯღალოსნებმა 15 ჩემპიონატიდან 14 მოიგეს, აქედან ბოლო 8 ზედიზედ (2017 წელს თასი ერთი წლით რუმინეთს დავუთმეთ). განვლილ 27 თამაშში საქართველომ ესპანეთს 127 ლელო და 898 ქულა გაუკეთა, თავად კი 43 ლელო და 400 ქულა მიიღო. მოცემული მომენტისთვის ესპანეთი მსოფლიო რეიტინგში მე-15 ადგილზეა (69,16 ქულა) და საქართველოს (73,18 ქულა) 2 საფეხურით ჩამორჩება.
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური