Corriere dello Sport: რეალი ზაფხულში ალეგრის დანიშვნას განიხილავს
„რეალი“ ზაფხულში მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მასიმილიანო ალეგრის დანიშვნას განიხილავს. ამის შესახებ გავლენიანი იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, თუ „ბლანკოსი“ ზაფხულში ალეგრის მიმართავს, ეს მადრიდული კლუბის მესამე მცდელობა იქნება - მაქსი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ დანიშვნასთან ახლოს იყო როგორც 2019 და 2021 წლებში. Corriere dello Sport-ი წერს, რომ „რეალის“ პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს სურს, ფსონი გამოცდილ სპეციალისტზე გააკეთოს.
„ალეგრი ამჟამად „მილანში“ მუშაობს, სადაც კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულში ეწურება. იტალიელი სპეციალისტი „როსონერის“ სათავეში თავს კომფორტულად გრძნობს - მაქსს ძალიან უყვარს როგორც ქალაქი, ისე „მილანის“ გულშემატკივრები“, - აღნიშნავს გამოცემა.
რაც შეეხება „რეალს“, შარშან გუნდი ჩაბი ალონსომ ჩაიბარა, თუმცა მიმდინარე წლის იანვარში სუპერთასის ფინალში „ბარსელონასთან“ მარცხის შემდეგ ბასკმა სპეციალისტმა თანამდებობა დატოვა და ის ალვარო არბელოამ შეცვალა, რომელიც მანამდე „სამეფო კლუბის“ მეორე გუნდში მუშაობდა.
ცნობისთვის, ალეგრი „მილანში“ ასევე შარშან დაბრუნდა, მანამდე კი „როსონერის“ 2010–2014 წლებში წვრთნიდა და გუნდთან ერთად სერია ა და იტალიის სუპერთასი მოიგო.