გარისკვა არ უნდა | ახალი ცნობები კილიან მბაპეს მდგომარეობაზე
„რეალის“ ფეხბურთელის, კილიან მბაპეს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ახალი ცნობები გავრცელდა. მარიო კორტეხანას ინფორმაციით, ფრანგ შემტევს თითქმის სამი თვეა მარცხენა მუხლში დისკომფორტი აწუხებს და ეს პრობლემა „სელტასთან“ მატჩისას მომხდარი შეჯახების შემდეგ გაჩნდა.
Cadena Ser „რეალის“ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ მბაპეს უკანა ჯვარედინი იოგი აქვს დაჭიმული. დიდი შანსია, მოედანზე გასვლამ და მატჩებში მონაწილეობამ მდგომარეობა გაართულოს, ხოლო კილიანი ნებისმიერი სახის რისკს კატეგორიულად გამორიცხავს.
ესპანური გამოცემის მიხედვით, „სამეფო კლუბი“ პოზიტიურ დამოკიდებულებას ინარჩუნებს და სჯერა, რომ მბაპე ჩემპიონთა ლიგაზე „მანჩესტერ სიტისთან“ გასამართ განმეორებით შეხვედრაში მონაწილეობას შეძლებს. ეს შეხვედრა 17 მარტს გაიმართება, თუმცა კილიანის გარემოცვის პოზიცია რადიკალურად განსხვავებულია. ისინი მადრიდელთა შეფასებას არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ ტრავმა ბევრად სერიოზულია.
მბაპეს გარემოცვა ყურადღებას მსოფლიო ჩემპიონატზე ამახვილებს, რომლის დაწყებამდეც 99 დღე დარჩა. ფრანგ სუპერვარსკვლავს არ სურს არასაჭირო რისკზე წასვლა და მუნდიალზე თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს. ის და მისი გარემოცვის წევრები „რეალის“ მიერ შემუშავებულ აღდგენით გრაფიკს არ ეთანხმებიან. „სიტისთან“ თამაში რისკიანია და მბაპე ამ არჩევანს არ გააკეთებს.