დასანანი წაგება - ბორჯღალოსნებმა ნოემბრის ტესტები მარცხით დაასრულეს
ნოემბრის ყველაზე მნიშვნელოვან ტესტ-მატჩში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა იაპონიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 23:25 დამარცხდა. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ბორჯღალოსნებმა ტიერ 1-ის გუნდს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს და რომ არა უიღბლობა, აზიელებს აუცილებლად მოუგებდნენ.
პირველი ნახევარი იაპონელებმა 10-ქულიანი სხვაობით, 6:16 მოიგეს. ანგარიში მე-5 წუთზე თედო აბჟანდაძემ ზუსტი საჯარიმო დარტყმით გახსნა, რასაც იაპონელებმა სეუნგ-სინის ზუსტი სამქულიანი დარტყმით უპასუხეს. მალე რაილის ლელოთი აზიელები დაწინაურდნენ, რომელიც იმავე სეუნგმა კარგად გარდასახა. შესვენებამდე დარჩენილ დროში სეუნგ-სინმა და აბჟანადაძემ ზუსტი საჯარიმოები გაცვალეს.
იგივე მოხდა მეორე ტაიმის დასაწყისშიც და აბჟანდაძემ და სეუნგ-სინმა საჯარიმოები გაცვალეს. 68-ე წუთზე კი, დემურ თაფლაძემ ბორჯღალოსნების მრავალფაზიანი შეტევა ლელოთი დაასრულა, რამაც სიტუაცია უკიდურესად დაძაბა. სტადიონი ბედნიერებისგან ლამის დაინგრა, როდესაც საფინალო სირენამდე სამი წუთით ადრე თორნიკე კახოიძემ აიღო მეტოქის ჩათვლის მოედანი, ხოლო აბჟანდაძემ ლელო გარდასახა და ბოლო წამებამდე ვიგებდით, თუმცა იაპონელებმა კიდევ ერთი საჯარიმო გამოიმუშავეს, რომელიც მათმა სნაიპერმა სეუნგმა გამოიყენა და თავის გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.
შეგახსენებთ, რომ იაპონელებთან თამაშამდე, ქართველმა მორაგბეებმა ნოემბრის საწყისი ორივე ტესტი მოიგეს და ბათუმში ჯერ ამერიკელებს, ხოლო შემდეგ კანადელებს აჯობეს.