„რასაც ვაშენებდით, თითქოს თავზე ჩამოგვენგრა“ - გორგაძე მსოფლიო რაგბის გადაწყვეტილებაზე
ნოემბრის მესამე და ყველაზე პრინციპული შეხვედრის წინ, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისთვის არცთუ სასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა. მსოფლიო რაგბიმ 2026 წლიდან ახალი ტურნირის დაარსება დააანონსა, რომლის პირველ დივიზიონშიც ბორჯღალოსნების ადგილი არ მოიძებნა, თამაშები კი ისეთ დროს ჩანიშნეს, რომ ჩვენთვის კალენდარში ტიერ 1-ის ქვეყნის ნაკრებებთან თამაში მინიმუმ სამი წელი გამოირიცხა. იაპონელებთან გასამართი ტესტის წინ მომხდარზე კომენტარი საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გააკეთა.
ბექა გორგაძე
ყველამ კარგად იცის, რომ იაპონელებთან შეხვედრის შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში ტიერ 1-ის წარმომადგენლებს ვეღარ დავუპირისპირდებით. ეს ძალიან მტკივნეული ამბავია - თითქოს რასაც წლების განმავლობაში ვაშენებდით და რასაც 2022 წელს უელსელებისა და იტალიელების ძლევით მივაღწიეთ, თავზე ჩამოგვენგრა. სწორედ ამიტომ, ქომაგების მოედანზე მისვლა და მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესი იქნება, რადგან იაპონელებს თუ ვაჯობებთ, ყველას დავუმტკიცებთ, რომ საქართველოს ნაკრები ადგილს მოწინავეთა შორის იმსახურებს.
შეგახსენებთ, რომ „მიხეილ მესხის“ სტადიონზე საქართველოსა და იაპონიის მორაგბეთა ნაკრებ გუნდებს შორის ტესტ-მატჩი ხვალ, 16:00 საათზე დაიწყება.