საქართველოს მორაგბეთა ნაკრები
Aa
Aa

იაპონიასთან მატჩი | ბორჯღალოსნების შემადგენლობა

ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ ქოქრილმა 2025 წლის ბოლო მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

ტიერ1-ის იაპონიასთან შეხვედრა 22 ნოემბერს თბილისში, „მიხეილ მესხზე“ 16 საათზე დაიწყება. ამ თამაშის შედეგზეა დამოკიდებული, თუ რომელ კალათაში მოხვდება საქართველო 2027 წლის ავსტრალიის მსოფლიო თასის კენჭისყრის წინ, რომელიც 3 დეკემბერს გაიმართება.

გამარჯვება ან ფრე მსოფლიოს რეიტინგში სასურველ 12-ეულში ადგილს შეგვინარჩუნებს და კენჭისყრას მე-2 კალათაში შევხვდებით, სხვა შემთხვევაში კი 12 მოწინავეს მიღმა აღმოვჩნდებით და შესაბამისად, მესამე კალათაში გადავინაცვლებთ.

ბათუმში კანადასთან 38:17 გამარჯვების შემდეგ, ინგლისელმა სპეციალისტმა სასტარტო შემადგენლობაში 5 ცვლილება განახორციელა - ორი ხაზში და სამი შერკინებაში.

ორი კვირის წინ აშშ-სთან 43:30 გამარჯვების შემდეგ, დამწყებ 15-ში ბრუნდებიან ცენტრი თორნიკე კახოიძე და ფრთა აკა ტაბუცაძე. კახოიძე გიორგი კვესელაძეს შეუწყვილდება, მეორე ფრთა დემე თაფლაძე იქნება, ხოლო ფულბეკის პოზიციაზე დავით ნინიაშვილს ვიხილავთ. უცვლელია ღერძი და ნოემბრის ზედიზედ მესამე თამაშს იწყებენ ვასილ ლობჟანიძე და თედო აბჟანდაძე. ლობჟანიძესთვის ეს 99-ე სანაკრებო თამაშია.

შერკინების პირველ ხაზში თამაშს იწყებს ‘კლერმონის’ ბურჯი გიორგი ახალაძე, რომელიც ნაკრებს კანადასთან მატჩის შემდეგ შეუერთდა. კვაჭის პოზიციაზე ირაკლი ქვათაძე ბრუნდება, ხოლო მესამეხაზელმა თორნიკე ჯალაღონიამ მარქაფიდან დამწყებთა შორის გადაინაცვლა. სასტარტოში ადგილი შეინარჩუნეს ბურჯმა ირაკლი აფციაურმა, მეორეხაზელებმა მიხეილ ბაბუნაშვილმა და ლადო ჩაჩანიძემ, ასევე მესამეხაზელებმა - ბექა საღინაძემ და ბექა გორგაძემ.

მნიშვნელოვანი ცვლილებებია მარქაფაში, სადაც ქოქრილმა 6 მორკინალი და ორი ხაზის მოთამაშე გაამწესა. იაპონიასთან შეცვლაზე ორ დებიუტანტს ვიხილავთ. ესენი არიან ‘ლა როშელის’ კვაჭი ნიკოლოზ სუთიძე და ‘შავი ლომის’ ბურჯი კახაბერ დარბაიძე. პირველი ხაზის მარქაფაშია ბურჯი გიორგი მამაიაშვილი, რომელსაც ნოემბერში ჯერ არ უთამაშია.

მეორე-მესამე ხაზში გუნდს გააძლიერებენ გიორგი ჯავახია, ლუკა ივანიშვილი და სანდრო მამამთავრიშვილი. ხაზში შეცვლაზე არიან გელა აფრასიძე და ლუკა მატკავა.

ტესტ-მატჩი. 22 ნოემბერი

თბილისის. „მიხეილ მესხი“. 16:00 საათი

საქართველო - იაპონია

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლა როშელი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (გრენობლი), 12. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 11. დემე თაფლაძე (შავი ლომი), 10. თედო აბჟანდაძე (ორიაკი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა);

შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (კლერმონი), 2. ირაკლი ქვათაძე (შავი ლომი), 3. ირაკლი აფციაური (ლიონი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. ლადო ჩაჩანიძე (მონ დე მარსანი), 6. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი), 8. ბექა გორგაძე (პო, კაპ.).

მარქაფა: 16. ნიკოლოზ სუთიძე (ლა როშელი), 17. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 18. კახაბერ დარბაიძე (შავი ლომი), 19. გიორგი ჯავახია (ტულონი), 20. ლუკა ივანიშვილი (ბრისტოლი), 21. სანდრო მამამთავრიშვილი (შავი ლომი); 22. გელა აფრასიძე (პერპინიანი), 23. ლუკა მატკავა (ოიონა).

მთავარი მწვრთნელი: რიჩარდ ქოქრილი

rugby.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ისლამს მხოლოდ ის შეაჩერებს“ - კორმიე და მასვიდალი ერთ აზრზე არიან
„ისლამს მხოლოდ ის შეაჩერებს“ - კორმიე და მასვიდალი ერთ აზრზე არიან