ოიონაში გამორჩეული ქართველები - აბდალაძის მეორე ლელო სეზონში
საფრანგეთის TOP 14-ის მსგავსად, ქართველი მორაგბეებისთვის რანგით მეორე, PRO D2-ის გათამაშების მორიგი ტურიც წარმატებული გამოდგა. სასიამოვნოა ის ფაქტიც, რომ გათამაშების სატურნირო ცხრილის ლიდერი კლუბის „ოიონას“ უმაღლეს შედეგებს სწორედ საქართველოს ნაკრების მორაგბეების ხარისხიანი ასპარეზობა განსაზღვრავს. ასე მოხდა ამჯერადაც, როდესაც „ნევერთან“ (56:35) მოგებულ საშინაო მატჩში სტუმართა ჩათვლის მოედანი ჯერ ვასილ ლობჟანიძემ, შემდეგ კი ვანო კარკაძემ აიღო. პირველი მათგანისთვის ეს მიმდინარე სეზონში მეორე, ვანოსთვის კი პირველი ლელო გახლდათ. მათ გარდა „ოიონას“ სასტარტოში იყო ლუკა მატკავა, რომელიც 55-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო კარკაძემ და ლობჟანიძემ მოედანი შესაბამისად, 46-ე და 58-ე წუთებზე დატოვეს.
ლობჟანიძის მსგავსად, წლევანდელ სეზონში მეორე ლელო დადო ვახტანგ აბდალაძემაც - ის „კოლომიესთან“ საკუთარ სტადიონზე 41:26 მოგებულ მატჩში მასპინძლების თადარიგში იყო, მოედანზე 50-ე წუთზე შევიდა და ზუსტად 14 წუთში ბრწყინვალე დრიბლინგის შედეგად აიღო სტუმართა ჩათვლის მოედანი. აქვე გეტყვით, რომ „კოლომიეს“ სასტარტოში გახლდათ მამუკა მსტოიანი, რომელიც პირველი ნომრის პოზიციაზე თამაშობდა და 57-ე წუთზე დაასვენეს.
ცნობისათვის, ვახტანგ აბდალაძემ 3 თამაშიდან 2 ძირითადში დაიწყო და 2 ლელო დადო. 4-დან 3 შემთხვევაში გამოჩნდა „ოიონას“ სასტარტოში ვანო კარკაძე და მის ანგარიშზე ერთხელ აღებული მეტოქის ჩათვლის მოედანია, ხოლო ვასილ ლობჟანიძე 5 შეხვედრიდან 4-ჯერ იყო სასტარტო წუთებიდანვე მოედანზე 2 ლელო მიითვალა.