ქართველების ტრიუმფი საფრანგეთში - სამი მორაგბე ტურის სიმბოლურ გუნდში
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატების TOP 14-სა და PRO D2-ში მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა, რის შემდეგაც ფრანგულმა გამოცემა „მიდი ოლიმპიკმა“ ტურის სიმბოლური გუნდი დააკომპლექტა.
სიმბოლურ ნაკრებში ერთბაშად სამი ქართველი მორაგბე მოხვდა — TOP 14-ის „სტად ფრანსეს“ ბურჯი სერგო აბრამიშვილი, PRO D2-ის „ოიონის“ ლეგიონერი ლუკა მატკავა და „ანგულემის“ მეორეხაზელი გიორგი ჯავახია.
აბრამიშვილმა ლიონის წინააღმდეგ „სტად ფრანსეს“ სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, რომელიც პარიზელებმა 31:10 მოიგეს. ქართველი მოედანზე 49-ე წუთამდე იმყოფებოდა.
ეფექტური მატჩი ჩაატარა ლუკა მატკავამაც. „ოიონამ“ საკუთარ მოედანზე „ნევერს“ დიდი ანგარიშით, 56:35 მოუგო. ბორჯღალოსნების წევრმა ექვსივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა და გუნდს 12 ქულა შესძინა. „ოიონის“ შემადგენლობაში ლელოები ქართველმა მორაგბეებმა, ვასილ ლობჟანიძემ და ვანო კარკაძემაც დადეს.
ტურის სიმბოლურ გუნდში ადგილი დაიმსახურა გიორგი ჯავახიამაც. მისმა „ანგულემმა“ საკუთარ მოედანზე „აჟენს“ 36:22 აჯობა. ქართველი მეორეხაზელი შეხვედრაში სრულად, 80 წუთის განმავლობაში მონაწილეობდა და მატჩის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო.
ამრიგად, საფრანგეთის პროფესიონალურ რაგბში ქართველთა წარმატებული გამოსვლა კიდევ ერთხელ აისახა ტურის სიმბოლურ გუნდზე, რომელიც, როგორც უკვე მოგახსენეთ, „მიდი ოლიმიკმა“ შეარჩია.