„მას მალე დაივიწყებენ, მე სხვა ბრძოლა მაინტერესებს“ - ჯონსის უარი 30 მილიონზე
ჯონ ჯონსმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მსოფლიოს უძლიერესი ლიგა (UFC) მზად იყო, გადაეხადა მისთვის ოცდაათი მილიონი დოლარი ტომ ასპინალთან ბრძოლის სანაცვლოდ, რაზეც მან უარი თქვა.
„ტრადიციული რაღაცები აღარ მამოტივირებს. არ მაღელვებს ის, რაც მებრძოლთა უმეტესობას ადარდებს. უმეტესობა არ იტყოდა უარს ოცდაათ მილიონ დოლარზე. ისინი ამას არ გააკეთებდნენ. მაგრამ მე სხვა მიზნები მაქვს“,
– თქვა ამერიკელმა ჯეფრი ვუს პოდკასტში.
დენა უაითის წინააღმდეგობის მიუხედავად, UFC-ის ყოფილი ჩემპიონი ორ წონით კატეგორიაში კვლავ იმედოვნებს, რომ მომავალი წლის ზაფხულში თეთრ სახლშო გამართულ ტურნირზე ალექს პერეირას დაუპირისპირდება.
„ალექსს აქვს ის X-ფაქტორი. მას ეს უბრალოდ აქვს. ამის სწავლა შეუძლებელია. ვერც ერთი პიარ-მენეჯერი ვერ შეგიქმნის ასეთ იმიჯს. ზოგიერთს უბრალოდ აქვს ის რაღაც, რაც ხალხს აიძულებს, ყურადღება მიაქციონ.
პერეირა თითქმის არაფერს ამბობს, მხოლოდ „შამა“-ს, და ხალხი ყვირის: „შამა!“ არავინ იცის, რას ნიშნავს ეს, მაგრამ მას აქვს ეს ფაქტორი. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც პერეირასთან ბრძოლა მინდა. ვგრძნობ, რომ ბრენდს, რომელსაც ის წარმოადგენს, და ენერგიას, რომელიც მის უკან დგას, ბევრად უფრო დიდ ხანს ემახსოვრებათ, ვიდრე ხუთი წელი.
მაგალითად, ასპინალს ცოტა ხნის წინ ჰქონდა თანაბარი ბრძოლა და მას უკვე ჩამოწერენ. მისი გზა ჯერ არც კი დაწყებულა და უკვე თითქმის დაივიწყეს. ვგრძნობ, რომ პერეირა სულ სხვა დონეა. ასეთ ბიჭთან დაპირისპირება გაცილებით მეტს მომიტანდა“,
– განმარტა ჯონსმა.