თამაშის დროს ტელეფონით იყო გართული | დეპაის ახსნა-განმარტება
ბრაზილიის სერია A-ს მერვე ტურში „კორინთიანსი“ „ფლამენგოს“ დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა, გულშემატკივრების ყურადღება კი მემფის დეპაიმ მიიქცია, რომელიც სათადარიგოთა სკამზე ყოფნისას საკუთარი ტელეფონით იყო გართული.
დეპაიმ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, მაგრამ 22-ე წუთზე, ტრავმის გამო, შეცვალეს. მემფისმა სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა და მობილური ტელეფონი ამოიღო, რა დროსაც „კორინთიანსის“ სამწვრთნელო შტაბის წევრი მივიდა და შენიშვნა მისცა. მემფისმა მობილური ტელეფონი შეინახა, შემდეგ კი ახსნა, რა მოხდა.
„მინდა განვმარტო, რომ ტელეფონი იმისთვის მეკავა, რომ ნიდერლანდებში, სამედიცინო პერსონალთან კონტაქტზე გავსულიყავი. შემეძლო, ტრავმის გამო, გასახდელში დავრჩენილიყავი, მაგრამ სათადარიგოთა სკამზე დავჯექი, რადგან მინდოდა გუნდისთვის მხარი დამეჭირა. მატჩის შედეგითაც უკმაყოფილო ვარ და მუშაობას გავაგრძელებთ, რათა უკეთესი დღეები დადგეს,“ — აღნიშნა დეპაიმ.
ცნობისთვის, „კორინთიანსს“ 10 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-11 პოზიციას იკავებს. დეპაის გუნდის მომდევნო მეტოქე „ფლუმინენსეა“, რომელსაც 2 აპრილს შეხვდება.