კამათი და აზრთა სხვადასხვაობა - ევლოევის ბრძოლას დიდი გამოხმაურება მოჰყვა
ლონდონში გამართულ UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის საპრეტედენტო ბრძოლას, სადაც მოვსარ ევლოევმა ლერონ მერფი მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა, დიდი კამათი, აზრთა სხვადასხვაობა და გამოხმაურება მოჰყვა. სიტუაცია განსაკუთრებით დაძაბა მაიკლ ბისპინგის საქციელმა - ყოფილი მებრძოლი ევლოევი-მერფის ჩხუბს კომენტატორის ამპლუაში უძღვებოდა და შექმნა ისეთი შთაბეჭდილება, რომ გამარჯვება ყველა ვარიანტში ბრიტანელისთვის უნდა მიეცათ. ამასთან დაკავშირებით ჯერ თავად ბისპინგმა გააკეთა კომენტარი, შემდეგ მისი საქციელი ბელალ მუჰამადმა გააკრიტიკა, ხოლო ევლოევის ყოფილმა მეტოქემ ალჯამეინ სტერლინგმა ინგუშის გამარჯვებას დამსახურებული უწოდა.
მაიკლ ბისპინგი
ვფიქრობდი, რომ მერფი გაიმარჯვებდა, მაგრამ ევლოევის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მიკერძოებული ნამდვილად არ გახლავართ. გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი თუ ფუჭი მოლოდინი შევქმენი - უბრალოდ მართლა მეგონა, რომ გამარჯვებულად ლერონს გამოაცხადებდნენ.
ბელალ მუჰამადი
კომენტატორებმა შექმნეს ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ევლოევმა საწყისი სამივე რაუნდი დათმო. ბრძოლა ძალიან ახლო იყო და დაძაბული, რაც მოვსარის ჭკვიანური გათვლებით იყო განპირობებული. თუმცა, ახლო ბრძოლის ხასიათი იმას ნამდვილად არ ნიშნავს, რომ ევლოევმა წააგო. გულშემატკივრები შეცდომაში შეიყვანეს.
ალჯამეინ სტერლინგი
მიუხედავად ბრძოლის ხასიათის და შინაარსისა, მოვსარ ევლოევმა სატიტულო ორთაბრძოლა დაიმსახურა და ამას ვერსად გავექცევით. მგონი, ბოლოს და ბოლოს დადგა დრო, როდესაც ინგუშმა ქამრის მოპოვების შესაძლებლობა მიიღოს.
სხვათა შორის, ევლოევის გამარჯვებას ისლამ მახაჩევის მენეჯერი ალი აბდელაზიზიც გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ მოვსარს საქმე სასიხარულოდ უნდა ჰქონდეს, რადგან UFC-ის ხელმძღვანელები მისი ჩხუბით კმაყოფილები არიან და პირველად მოხდა, რომ ინგუში მებრძოლი შეაქეს.