„სკანდალია! სირცხვილია“ | რეალის ტელევიზია ვალვერდეს წითელ ბარათზე
ესპანეთის ლა ლიგის 29-ე ტურში „რეალმა“ მადრიდულ დერბიში „ატლეტიკო“ 3:2 დაამარცხა. „სამეფო კლუბის“ რიგებში დუბლით ვინისიუს ჟუნიორი გამოირჩა, ერთი გოლი კი ფედერიკო ვალვერდემ გაიტანა, რომლის ეპიზოდიც საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა.
77-ე წუთზე მატჩის მთავარმა მსაჯმა, ხოსე ლუის მუნუერა მონტერომ, ურუგვაელ ნახევარმცველს წითელი ბარათი უჩვენა. „რეალის“ ოფიციალური ტელევიზია მონტეროს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და ესპანელი არბიტრი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა.
„ეს სკანდალია! სირცხვილია! ეს წესების დარღვევა ყვითელ ბარათს იმსახურებს. შოკისმომგვრელია. პამპლონაში მომხდარი რომ გავიხსენოთ, გასაგები გახდება, რატომ არ ჩაერია VAR.
თქვენ კიდევ გაიგონებთ, რომ პრობლემა „რეალის“ ტელევიზიაა, რადგან ასეთ ვიდეოებს ვაკეთებთ. ასე იმიტომ ვიქცევით, რომ მსგავსი მომენტები სააშკარაოზე გამოვიტანოთ: ეს წითელი ბარათი არც ერთ შემთხვევაში არ არის. ეს სუფთა ყვითელი ბარათია. მთავარი მსაჯი დერბის გაფუჭებას არ ცდილობდა — მისი მიზანი „რეალისთვის“ ზიანის მიყენება იყო და ეს ერთი და იგივე არ არის.“
ცნობისთვის, „რეალი“ აპირებს, ვალვერდეს წითელი ბარათი გაასაჩივროს. „სამეფო კლუბი“ კონკრეტულ ნაბიჯს უახლოეს პერიოდში გადადგამს და აპელაციას შეიტანს.