„15 მილიონს ერთი დოლარიც კი არ დაამატეს“ - ჯონსი პერეირასთან ჩაშლილ ჩხუბზე
UFC-ის ამერიკელმა მებრძოლმა, ორი წონის ყოფილმა ჩემპიონმა, ჯონ ჯონსმა განაცხადა, რომ მისი და ალექს პერეირას ჩხუბი ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით წარმოქმნილი უთანხმოების გამო ჩაიშალა.
ჯონ ჯონსი:
„ფიზიკურად და მორალურად მზად ვიყავი, რომ ეს ბრძოლა მიმეღო. იმაზე ნაკლებს ვითხოვდი, ვიდრე ტომ ასპინალი, თუმცა UFC-მ 15-მილიონიან წინადადებას ერთი დოლარიც კი არ დაამატა. ჩემი აზრით, პერეირასთან ჩხუბისთვის მეტს ვიმსახურებდი“.
შეგახსენებთ, რომ 15 ივნისს თეთრ სახლში დაგეგმილ ტურნირზე ალექს პერეირა ფრანგ სირილ განს დაუპირისპირდება და მძიმე წონის დროებითი ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას შეეცდება.
რაც შეეხება მძიმე წონის მოქმედ ჩემპიონ ტომ ასპინალს, მან ბოლოს გასული წლის ოქტობერში იჩხუბა. მისი და სირილ განის საჩემპიონო ორთაბრძოლა ჩაშლილად გამოცხადდა, რადგან ინგლისელს თვალში განის ხელი მოხვდა და ჩხუბის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.
აქვე გეტყვით, რომ ჯონსმა ბოლოს 2024 წლის ნოემბერში იჩხუბა, როცა მესამე რაუნდში სტიპე მიოჩიჩი დაანოკაუტა.