ცხოვრებაძის საუკეთესო მატჩი - 6 გოლი ჩემპიონთა ლიგაში
გიორგი ცხოვრებაძემ ხელბურთის კლუბ „ზაგრების“ შემადგენლობაში საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის V ტურში ხორვატიის გუნდი საკუთარ დარბაზში დანიის „გუდმესთან“ 5-ბურთიანი სხვაობით, 31:36 დამარცხდა. მასპინძლების შემადგენლობაში კი ერთ-ერთი გამორჩეული სწორედ საქართველოს ეროვნული ნაკრების 24 წლის მოთამაშე იყო.
ცხოვრებაძემ საკმაოდ სოლიდური სათამაშო დრო მიიღო და გარდა იმისა, რომ 6 ბურთი გაიტანა, თანაგუნდელს 1 საგოლე პასი მიაწოდა. უნდა აღინიშნოს, რომ „ზაგრების“ მთავარი მწვრთნელი ქართველ ხელბურთელს როდესაც დროს აძლევს, გიორგი მუდამ უმაღლეს დონეზე ასპარეზობს და იმედია ეს ფაქტი მას მომავალში სათამაშო პრაქტიკის გაზრდაში დაეხმარება.
ხუთი ტურის შემდეგ ხუთი მარცხით „ზაგრები“ ჩემპიონთა ლიგის უიმედო აუტსაიდერია. მომდევნო ტურში გიორგი ცხოვრებაძე და მისი თანაგუნდელები 22 ოქტომბერს, უნგრეთის „სეგედს“ უმასპინძლებენ, იქამდე კი 18 ოქტომბერს, ხორვატიის ჩემპიონატში სტუმრად „უმაგს“ შეხვდებიან.