მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში საქართველო-ისრაელს შორის გამარჯვებული ესპანეთს შეხვდება
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებს და მის გულშემატკივარს 19 და 21 მარტს მნიშვნელოვანი მატჩები ელით. ჩვენს უმთავრეს გუნდს 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში ისრაელთან მოუწევს ურთიერთობის გარკვევა, მათ შორის გამარჯვებული კი ესპანეთს დაუპირისპირდება.
მსოფლიო ჩემპიონატის საპლეიოფო კენჭისყრაში, რომელსაც დღეს ჰერნინგმა (დანია) უმასპინძლა, გაირკვა იმ გუნდის ვინაობა, რომელიც საქართველო vs ისრაელს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
კენჭისყრის თანახმად, წყვილში გამარჯვებული დაუპირისპირდება ოლიმპიური თამაშების ხუთგზის ბრინჯაოს მედალოსანს, მსოფლიო ჩემპიონატების ორგზის ჩემპიონს და სამი ბრინჯაოს მედლის, ასევე ევროპის ჩემპიონატების ორი ოქროს, ხუთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედლის მფლობელ ესპანეთს.
საქართველო-ისრაელს შორის გამარჯვებული ესპანეთთან პირველ მატჩს სტუმრად ჩაატარებს, საამისოდ კალენდარში მონიშნულია 13-14 მაისი, განმეორებითი შეხვედრისთვის კი 16-17 მაისი.
2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატი (13-31 იანვარი) გერმანიის ექვს ქალაქში ჩატარდება, იქამდე კი საქართველოს ორმატჩიანი დაპირისპირება ელის ისრაელთან.
ისრაელთან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ პირველ მატჩს საქართველოს ნაკრები 19 მარტს, თელავში ჩაატარებს, განმეორებითს, 21 მარტს თელავივში.
წყარო - საქართველოს ხელბურთის ფედერაცია