გიორგი ცხოვრებაძე
Aa
Aa

„საქართველოს სავიზიტო ბარათია“ - სალუქვაძემ ცხოვრებაძე შეაფასა

19 და 21 მარტს საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულ გუნდს უმნიშვნელოვანესი მატჩები ელის - ქართველი ხელბურთელები მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპის პლეი ოფში ისრაელის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. თავდაპირველად შეხვედრები შინ და გარეთ უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ახლო აღმოსავლეთში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციამ საქართველო-ისრაელის ორივე თამაშის თელავში ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. პრინციპული დაპირისპირებების წინ, საქართველოს ხელბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ლევან სალუქვაძემ გადაცემაში „სპორტი იმედზე“ დეტალურად ისაუბრა და ყურადღება გიორგი ცხოვრებაძის ბოლოდროინდელ შესანიშნავ ასპარეზობაზე გაამახვილა.

ლევან სალუქვაძე

ქართული ხელბურთი რომ პროგრესის გზას ადგას, ამას ვეღარავინ უარყოფს. სკეპტიკოსებს სჩვევიათ ხოლმე და ევროპის ჩემპიონატზე ერთხელ გასვლას წარმატებასა და სწორ მუშაობას კი არა, გამართლებას მიაწერენ. თუმცა, ჩვენ ზედიზედ ორჯერ ვითამაშეთ კონტინენტის პირველობაზე, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს. რაც შეეხება მომავალ მეტოქეს, ისრაელის ნაკრები საბერძნეთზე ოდნავ სუსტია, მაგრამ მათ ზერელედ არ უნდა მოვეკიდოთ და ამ თამაშებს უდიდესი ყურადღება დავუთმოთ.

გიორგი ცხოვრებაძე ბოლო პერიოდში კი არ თამაშობს, დაფრინავს. უამრავი ბურთი გაქვს და მისი გოლი ჩემპიონთა ლიგაში ტურში საუკეთესოდ დასახელდა. გარდა ამისა, არ დაგავიწყდეთ, რომ გიორგი ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის პირველი ჯგუფური ეტაპის თანაბომბარდირი გახდა. ცხოვრებაძესთან დაკავშირებით ამასწინათ სასიამოვნო კომპლიმენტი მოვისმინე - მითხრეს, რომ ის გრავიტაციის ყველანაირ კანონს არღვევს. სპორტის სხვადასხვა სახეობებში ხვიჩა კვარაცხელიას, გიორგი ცხოვრებაძისა და თორნიკე შენგელიას სახით გვყავს ბიჭები, რომელთა მეშვეობითაც ჩვენი ქვეყნის შესახებ მთელ მსოფლიოში შეიტყვეს და ისინი საქართველოს სავიზიტო ბარათები არიან.

ცნობისათვის, გიორგი ცხოვრებაძე ხორვატიის „ზაგრების“ ღირსებას იცავს და წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობა 46 გოლითა და 18 საგოლე გადაცემით დაასრულა. რაც შეეხება საქართველო - ისრაელის მატჩებს, თელავის სპორტის სასახლეში 19 მარტს შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება, ხოლო 21 მარტს თამაში სტარტს 16:00 საათიდან აიღებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
პირველი ინფორმაცია ტრავმაზე - არსენაშვილისთვის დიაგნოზი ცნობილია
პირველი ინფორმაცია ტრავმაზე - არსენაშვილისთვის დიაგნოზი ცნობილია