„მთავარი წარმატებები საქართველოს ნაკრებს წინ აქვს“ - ინტერვიუ ირაკლი კბილაშვილთან
იანვარში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული და საკვანძო ფიგურა ირაკლი კბილაშვილი გახლდათ, რომელმაც გარდა შედეგიანი ასპარეზობისა, სამივე მატჩის მიმდინარეობისას, გულშემატკივარს ჭკვიანური, გააზრებული ქმედებებითა და პასებით დაამახსოვრა თავი. კონტინენტის პირველობა უკვე წარსულია და ჩვენი ქვეყნის ეროვნულ გუნდს წინ ახალი გამოწვევები აქვს. სწორედ ამ და თითქმის ყველა საინტერესო თემებზე ისაუბრა კბილაშვილმა Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში და საკუთარ საკლუბო მომავალთან დაკავშირებითაც ამომწურავი პასუხები გაგვცა.
ირაკლი კბილაშვილი
ევროპის ჩემპიონატზე საკმაოდ რთულ ჯგუფში მოვხვდით, მაგრამ თავიდანვე ვიცოდით, სად მივდიოდით და რა დონის მეტოქეებთან მოგვიწევდა დაპირისპირება. სამწუხაროა, რომ ვერც ერთი მატჩი ვერ მოვიგეთ, მაგრამ ბრძოლა ნამდვილად ვაჩვენეთ. ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ მოგების სურვილი და თავდადება არც ერთ შეხვედრაში არ გვაკლდა.
გამოვარჩევდი ხორვატებთან შეხვედრას, რომელიც უზომოდ სანახაობრივი გამოვიდა. უგებდე თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში ასეთი დონის გუნდს, იოლი საქმე ნამდვილად არ გახლავთ. რეალურად მოგება შეგვეძლო, მაგრამ უკანასკნელ 2 წუთში დაშვებული შეცდომები ძვირად დაგვიჯდა. დიდი როლი ითამაშა მიღებულმა ტრავმებმაც, რადგან ჩვენთვის თითოეული ხელბურთელის ყოფნას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა.
საერთო ჯამში ამ ევროპირველობას დადებითად შევაფასებდი - ვერც ერთი თამაში ვერ მოვიგეთ, ჯგუფიდან ვერ გავედით, მაგრამ ცუდშიც დადებითიც უნდა დაინახო. ვიღებთ გამოცდილებას, ვიღებთ ამ ყველაფერს გაკვეთილად და შეცდომებს ვაანალიზებთ. ჩვენ გვყავს მზარდი ნაკრები უდიდესი პოტენციალით, რომელსაც ყველაფერი წინ აქვს და მერწმუნეთ, გულშემატკივრებს წარმატებებით არაერთხელ გავახარებთ.
რაც შეეხება მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს, ვუპირისპირდებით გამოცდილი ხელბურთელებით დაკომპლექტებულ ისრაელს. როგორცკი გავიგეთ, რომ ჩვენი მეტოქე ეს გუნდი იქნებოდა, მაშინვე თითოეულმა ჩვენგანმა მისი შესწავლა დავიწყეთ და მერწმუნეთ აქ გამარჯვება შეგვიძლია. ისრაელელების ძლევის შემთხვევაში წინ უძლიერესი ესპანეთი გველოდება, მაგრამ იოლად არაფრის დათმობას არ ვაპირებთ. გრანდებთან რომ ტოლსწორად ასპარეზობა შეგვიძლია, არაერთხელ დავამტკიცეთ, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ესპანეთი განსაკუთრებული სიძლიერისაა.
ისრაელის ნაკრებს თელავში ვუმასპინძლებთ - ქალაქში, რომელიც დიდი სახელბურთო ტრადიციებითა და სპორტის ამ სახეობისადმი დიდი სიყვარულით არის ცნობილი. დარწმუნებული ვარ, ჩვენს საგულშემატკივროდ ბევრი ხალხი მოვა და თელაველებს დაუვიწყარ სახელბურთო საღამოს ვაჩუქებთ.
რაც შეეხება ჩემს საკლუბო კარიერას, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ბუნებრივია ინტერესი სხვადასხვა გუნდებიდან იყო, მაგრამ რუმინეთის „პოტაისასთან“ ამ სეზონის გარდა, კიდევ ერთწლიანი ხელშეკრულება მაკავშირებს და კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ბოლომდე ვაპირებ. სწორედ ამის შემდეგ, ანუ 2027 წლის ზაფხულში განვიხილავ შემოთავაზებებს.
ცნობისათვის, ირაკლი კბილაშვილმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სამივე მატჩში ითამაშა. როგორც ხორვატებთან, ასევე ნიდერლანდელებთან შეხვედრაში თავი 2 გოლით გამოიჩინა, ხოლო შვედებთან დაპირისპირებაში 4 ბურთი გაიტანა.