პირველი ინფორმაცია ტრავმაზე - არსენაშვილისთვის დიაგნოზი ცნობილია
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სამივე შეხვედრა წააგო, თუმცა ტიტე კალანდაძის მომზადებულ გუნდს, განსაკუთრებით პირველ ტურში ხორვატებთან, ცუდი შთაბეჭდილება ნამდვილად არ დაუტოვებია. ნიდერლანდებთან გუშინ გამართულ მატჩში კი აშკარად იგრძნობოდა გადაღლილობა და მოკლე სათადარიგო სკამი, რაც უპირველეს ყოვლისა ზურაბ გოგავას და ერეკლე არსენაშვილის ტრავმებით იყო განპირობებული. როგორია ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის მდგომარეობა და რამდენ ხანს გაგრძელდება მისი სარეაბილიტაციო პროცესი, არსენაშვილმა Crystalsport-თან ინტერვიუში დეტალურად ისაუბრა.
ერეკლე არსენაშვილი
ექიმებისგან მივიღე ასეთი დიაგნოზი - დაფიქსირებულია მუხლის სახსარის ამოვარდნა და დაზიანდა იოგები, თუმცა მენისკი და ჯვარედინი მყესები მწყობრშია, რის გამოც ოპერაციის გაკეთება არ მომიწევს. ახლა თბილისში მივემგზავრები დამატებით გამოკვლევებზე, რის შემდეგაც მკურნალობას საფრანგეთში განვაგრძობ. პროგნოზი ასეთია, რომ სარეაბილიტაციო კურსი მაქსიმუმ ორთვე-ნახევარი გაგრძელდება.
რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატს, თავიდანვე ვიცოდით, რომ კარგი ხელბურთის დემონსტრირებას შევძლებდით, თუმცა გვქონდა უდიდესი სურვილი ეს ყველაფერი შედეგში გადაგვეზარდა, რაც სამწუხაროდ არ გამოგვივიდა. მთავარი და ყველაზე დასანანი ხორვატებთან ხელიდან გაშვებული გამარჯვებაა. მერწმუნეთ, მათთან მატჩში ამხელა ფორას გრანდებიც ვერ იღებენ, ჩვენ კი ეს შევძელით, თუმცა საქმე ლოგიკურ დასასრულამდე ვერ მივიყვანეთ.
მე და ზურაბ გოგავამ ჯანმრთელობაც ჩავდეთ და მერწმუნეთ, ნაკრების თითოეული ხელბურთელი ბოლომდე დაიხარჯა. პირველი ტურის შემდეგ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან მირეკავდნენ ხელბურთელები, გულშემატკივრები და ხორვატებთან საქართველოს ეროვნული გუნდის ასპარეზობით აღტაცებას ვერ მალავდნენ.
რაც შეეხება ნიდერლანდებთან ბოლო ტურის თამაშს, იგრძნობოდა გადაღლილობა და მოკლე სათადარიგო სკამი. თანაც ნიდერლანდელებს ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავთ, რომლებიც თანამედროვე ხელბურთს თამაშობენ. მათი გამთამაშებელი ლუკ სტეინსი პსჟ-ის ერთ-ერთი ლიდერია და მართალია ჩვენთან თავიდან თამაში არ წაუვიდა, მაგრამ შემდეგ სასარგებლო იყო. ასე რომ ნიდერლანდების ნაკრების სახით იოლი მოწინააღმდეგე ნამდვილად არ გვყოლია.
ჩემთვის მთავარია, რომ ვაჩვენეთ ის ხელბურთი, რომელიც ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა და კიდევ უფრო დავრწმუნდით იმაში, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა შეგვიძლია. ახალი მიზნები უნდა დავისახოთ და ახალ გზას ახალი ენერგიით გავუყვეთ.
ცნობისათვის, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სამი მატჩი ჩაატარა. ხორვატებთან ტიტე კალანდაძის მომზადებული გუნდი 29:32 დამარცხდა, შვედებთან თამაში 29:38 დათმო, ხოლო ბოლო ტურში ნიდერლანდებთან 26:31 წააგო.