ხელბურთი | საქართველო ნიდერლანდებთან დამარცხდა
ხელბურთის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბოლო მატჩიც წააგო და ამ წაგებით მუნდიალზე გასვლა გაირთულა.
ტიტე კალანდაძის გუნდი დღეს ნიდერლანდებთან 26:31 დამარცხდა. იყო მომენტი, როდესაც ტაბლოზე 13:13 ფიქსირდებოდა, თუმცა საქართველომ პირველი ტაიმი მაინც 15:18 დათმო.
მეორე ნახევარში ნიდერლანდები კიდევ უფრო მეტად გააქტიურდა. საქართველოს მხრიდან ცხოვრებაძე ბრწყინავდა, რომელმაც ჯამში 11 გოლი გაიტანა. აქტიური იყო დიხამინჯიაც, რომელმაც 6 გოლი გაიტანა. ლაპიაშვილმა თავის გამოჩენა 4-ჯერ შეძლო.
საერთო ჯამში ჩვენებურებმა ჯგუფში სამივე მატჩიც წააგეს და როგორც უკვე მოგახსენეთ, მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა გაირთულეს.
საქმე იმაში გახლავთ, რომ დღეს ნიდერლანდებთან გამარჯვების შემთხვევაში, საქართველო მუნდიალის მესამე შესარჩევ ეტაპზე ჩაერთვებოდა, სადაც განთესილი იქნებოდა. ახლა კი ტიტე კალანდაძის გაწვრთნილი გუნდი კვალიფიკაციაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც განთესილი არ იქნება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეორედ გავიდა. პირველად ეს 2024 წელს მოხდა და მაშინ ეროვნულმა ნაკრებმა 1 თამაში მოიგო, ორი კი წააგო.