დიხამინჯიას და კბილაშვილის გოლები - ხელბურთელების წარმატებული განახლება
ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ხელბურთელები თანდათან საკლუბო საქმიანობას უბრუნდებიან და გამონაკლისს არ წარმოადგენენ საქართველოს ნაკრების წევრებიც. ეროვნული გუნდის მსგავსად, მათი უმეტესობა კლუბებშიც შედეგიანი ასპარეზობით გამოირჩევა და გასულ უქმეებზეც საკმაოდ წარმატებული შეხვედრები ჩაატარეს.
მოკლე მონაკვეთში ისლანდიის ჩემპიონატში მე-16 და მე-17 ტურის მატჩები გაიმართა და ერთ შეხვედრაში შედეგიანი იყო გიორგი დიხამინჯია. ქართველი ხელბურთელი „აკიურერის“ სტუმრად „რეიკიავიკთან“ (37:31) გამარჯვებაში 5 გოლით დაეხმარა, ხოლო „ფრამთან“ საშინაო მატჩში 1 ბურთით გამოიჩინა თავი. რაც შეეხება ირაკლი კბილაშვილს, რუმინეთის პირველობაზე მან „ტიმიშოარასთან“ (23:23) ფრედ დასრულებულ მატჩში „პოტაისამის“ რიგებში 4 ბურთი გაიტანა და 2 შედეგიანი პასი შეასრულა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სამივე მატჩი წააგო, თუმცა ხორვატებთან საოცრად კარგი თამაში აჩვენა და კონტინენტის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.