„მეც ასე ვფიქრობ“ | ცარუკიანი ხაბიბს ეთანხმება და თვლის, რომ ილიას დაამარცხებს
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლი, არმან ცარუკიანი ხაბიბ ნურმაგომედოვის სიტყვებს გამოეხმაურა. სომეხი მებრძოლი ასლანბეკ ბადაევის პოდკასტის სტუმარი იყო და „არწივის“ შეფასებაზე ჰკითხეს, რომელმაც აღნიშნა, რომ ცარუკიანს თოფურიასთან გამარჯვების 80-პროცენტიანი შანსი აქვს.
„მეც ასე ვფიქრობ და ილიას იმავე შანსებს ვაძლევ, რადგან საკუთარი თავის მჯერა. ვიცი, რომ მის დისტანციაზე არ ვიჩხუბებ და ჩემს დავალებას შევასრულებ. არ მგონია, თოფურიამ ჩემი თეიქდაუნებისგან თავის დაცვა შეძლოს. დარწმუნებული ვარ, რომ პარტერში გადავიყვან და დავღლი. ვიცი, რომ ჭიდაობით ენერგიას გამოვაცლი.
თოფურია ვერ გაუმკლავდება ტემპს, რომელსაც შევთავაზებ. მთელი დღე კრივში ვარჯიშობს და ფეხებზე არ მუშაობს. გაუგებარი წარმომავლობის სპარინგ-პარტნიორებს პოულობს, მათ ანოკდაუნებს და ყველას ჰგონია, რომ სუპერ მებრძოლია. თოფურია ჩეჩნეთში ან დაღესტანში რომ ჩავიდეს და რომელიმე სპორტდარბაზში მივიდეს, ნებისმიერი მოყვარულიც კი გადაიყვანს პარტერში და ქულებს აუღებს.“
შეგახსენებთ, რომ ცარუკიანი თოფურიას აქტიურად იწვევდა, მაგრამ UFC-იმ დენ ჰუკერთან ჩაუნიშნა ჩხუბი. ჰუკერისა და ცარუკიანის დაპირისპირება 22 ნოემბერს გაიმართება.