ვინ იქნება დვალიშვილის მომდევნო მეტოქე - მერაბის მწვრთნელის კომენტარი
5 ოქტომბერს, UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ქამარს დაიცავს.
„მანქანა“ ამერიკელ კორი სენდჰეგენს დაუპირისპირდება. მერაბის მწვრთნელმა, ჯონ ვუდვმა ქართველი მებრძოლის მომდევნო პოტენციურ მეტოქეებზე ილაპარაკა.
„ეს ერთგვარი საპატიო წრეა. როდესაც კორი სენდჰეგენს დავამარცხებთ, შემდეგი, ვფიქრობ, პიოტრ იანი იქნება. არსებობს სხვა ვარიანტიც: თუ მარიო ბაუტისტა დაამარცხებს უმარ ნურმაგომედოვს, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ მან საკმარისი გააკეთა სატიტულო შანსისთვის. მერაბი დიდ პატივს სცემს იმ გზას, რომელიც ბაუტისტამ გაიარა. ეს მძიმე სამუშაოა“, - თქვა ვუდმა.
დვალიშვილისა და სენდჰეგენის ორთაბრძოლა UFC 320-ის თანამთავარი მოვლენაა. მთავარ მოვლენაში ერთმანეთს მაგომედ ანკალაევი და ალექს პერეირა დაუპირისპირდებიან.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა „მანქანამ“ UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი 8 ივნისს, შონ ომალის წინააღმდეგ დაიცვა, ბრძოლის შემდეგ კი განაცხადა, რომ მომდევნო სატიტულო ბრძოლას ყველაზე მეტად კორი იმსახურებს.
გეტყვით ასევე, რომ დვალიშვილმა UFC-ში ზედიზედ მე-13 გამარჯვება იზეიმა და ისეთ ლეგენდებს გაუთანაბრდა, როგორებიც ხაბიბ ნურმაგომედოვი, მაქს ჰოლოუეი, ჟორჟ სენ-პიერი, ჯონ ჯონსი და დემეტრიუს ჯონსონი არიან.
რაც შეეხება სენდჰეგენს, (18-5) მას ბოლო 5 ჩხუბში 4 მოგება და 1 მარცხი აქვს. კორიმ სონგ იადონგს, მარლონ ვერას, რობ ფონტს და დეივისონ ფიგერედოს მოუგო, უმარ ნურმაგომედოვთან კი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.