გუნდის ვიცე-კაპიტანი იქნება - შერმადინს ისევ წამყვან ფიგურად მოიაზრებენ
ხვალ სტარტს ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ახალი სეზონი აიღებს, სადაც საქართველოს ნაკრების რამდენიმე წევრი ასპარეზობს და ბუნებრივია, ლიგა ენდესა წინა წლების მსგავსად, ამჯერადაც ქართველი გულშემატკივრების ყურადღების ქვეშ იქნება. ერთ-ერთი მათგანი, ვისგანაც მაღალ დონეზე თამაშს ველით გიორგი შერმადინია, რომელსაც „ლაგუნა ტენერიფეში“ ისევ წამყვან ფიგურად მოიაზრებენ.
ახალი სეზონის დაწყების წინ სოციალურ ქსელში კანარის კუნძულების კლუბის კაპიტანი და ვიცე-კაპიტნები დაასახელეს. გაირკვა, რომ კუნძულელებს პარკეტზე გამოცდილი მარსელინიო უერტასი გაუძღვება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მისი შემცვლელები გიორგი შერმადინი და აარონ დორნეკამპი იქნებიან. ახალი სეზონი 36 წლის ქართველმა შთამბეჭდავად დაიწყო და ესპანეთის სუპერთასზე მადრიდის „რეალთან“ 23 ქულა დააგროვა, რითაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო გახლდათ.
ცნობისათვის, ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის პირველ ტურში შერმადინი და მისი თანაგუნდელები „მანრესას“ შეხვდებიან და მატჩი ხვალ, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.