ინვენტარი თითქმის აღარ აქვთ - ინგლისის ნაკრები გაძარცვეს
ინგლისის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მიმდინარეობისას მოულოდნელი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ის ინფორმაციით, გუნდს საწვრთნელი ინვენტარის დიდი ნაწილი მოპარეს, რამაც მზადების პროცესში სერიოზული შეფერხება გამოიწვია.
გავრცელებული ცნობებით, დაკარგულ ნივთებს შორისაა ინგლისის ნაკრების ლიდერების — ჰარი კეინის და ჯუდ ბელინგემის სათამაშო ბუცები.
გარდა ამისა, გუნდმა თითქმის ყველა საწვრთნელი ბურთიც დაკარგა. არსებული ინფორმაციით, ინგლისის ნაკრებს ამ დროისთვის მხოლოდ ერთი ბურთი დარჩა, რაც ვარჯიშების ორგანიზებას მნიშვნელოვნად ართულებს.
ქურდობის შედეგად დაკარგულია ასევე ტაქტიკური დაფები და სამწვრთნელო შტაბის სხვა სამუშაო ინვენტარი, რომელიც მატჩებისთვის მომზადების პროცესში გამოიყენება.
ინფორმაციის თანახმად, საქმეზე გამოძიება უკვე დაიწყო. სამართალდამცავები სხვადასხვა ვერსიას ამოწმებენ, ხოლო ეჭვმიტანილთა შორის ის მძღოლებიც ფიგურირებენ, რომლებიც ინგლისის ნაკრების აღჭურვილობის ტრანსპორტირებაზე იყვნენ პასუხისმგებელი.
მომხდარი მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ ინციდენტად შეფასდა. მიუხედავად შექმნილი პრობლემებისა, ინგლისის ნაკრები ტურნირისთვის მზადებას განაგრძობს და იმედოვნებს, რომ დაკარგული ინვენტარის ნაწილი უახლოეს პერიოდში ჩანაცვლდება.