BBC: ტუხელმა 15 ფეხბურთელი შეარჩია - ვინ ითამაშებს ხორვატიასთან
მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, ტომას ტუხელმა მიანიშნა, რომ ძირითადი შემადგენლობა თითქმის უკვე შერჩეული ჰყავს.
აშშ-ში გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე გერმანელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ პირველი მატჩისთვის 14 ან 15 ფეხბურთელი უკვე შეარჩია.
ინგლისურ მედიაში მიიჩნევენ, რომ კოსტა რიკასთან 3:0 მოგებულ ამხანაგურ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში მოხვედრილი ფეხბურთელების უმეტესობა მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩშიც ითამაშებს, სადაც ინგლისი ხორვატიას დაუპირისპირდება.
ეს იმას ნიშნავს, რომ ჯუდ ბელინგემი „ათიანის“ პოზიციაზე აუცილებლად ითამაშებს, მორგან როჯერსს შანსი არ აქვს.

ტურნირის წინ ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური კითხვა სწორედ ბელინგემსა და როჯერსს შორის არჩევანი იყო. მიუხედავად იმისა, რომ როჯერსმა ბოლო პერიოდში თავი კარგად წარმოაჩინა, რეალის ნახევარმცველის გამოცდილებამ და ინგლისის ნაკრებში არაერთხელ გადამწყვეტი როლის შესრულებამ, როგორც ჩანს, ტუხელის გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინა.
დაცვის ცენტრშიც ცვლილებაა მოსალოდნელი. ამ ეტაპზე ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ სასტარტო შემადგენლობაში სტოუნსი და კონსა დაიწყებენ, მაშინ როდესაც ბევრს მარკ გეჰი გუნდის პირველ არჩევანად მიაჩნდა.
შეტევის მარჯვენა ფლანგზე კი მადუეკემ ამხანაგურ მატჩში ბუკაიო საკას აჯობა და ძირითადში დაიწყო. თუმცა ეს სრულად საკას ფიზიკურ მდგომარეობას უკავშირდება. ტუხელმა უკვე დაადასტურა, რომ არსენალის ვარსკვლავს ქვედა კიდურის კუნთის ტრავმის შემდეგ დატვირთვის ფრთხილად მართვა სჭირდება.

არსენალში სეზონის ბოლოს სერიოზულად შიშობდნენ, რომ საკა დარჩენილ მატჩებსაც გამოტოვებდა, ამიტომ ინგლისის ნაკრებიც მის მდგომარეობას განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება.
ამ ეტაპზე ფეხბურთელის პროგრესი ყოველდღიურად შეინიშნება და არსებული ცნობებით, თუ ინგლისს დღეს პლეი-ოფის მატჩი ექნებოდა, საკა დიდი ალბათობით ძირითად შემადგენლობაში იქნებოდა, თუმცა შესაძლოა სრული 90 წუთი ვერ ეთამაშა.
სწორედ ამიტომ, ტუხელს შეუძლია ეტაპობრივად ჩართოს საკა ტურნირში, ხოლო ამ პერიოდში მის ადგილს მადუეკე დაიკავებს — ფეხბურთელი, რომელსაც გერმანელი სპეციალისტი აშკარად ენდობა.
შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ხორვატიას დაუპირისპირდება. მატჩი 17 ივნისით თარიღდება და თბილისის დროით 23:59-დან დაიწყება.