გამარჯვება მძიმე ბრძოლაში - ლოჩოშვილი მცველებს შორის საუკეთესო იყო
გერმანიის II ბუნდესლიგის VIII ტური „ნიურნბერგისთვის“ წარმატებული გამოდგა. ლეგენდარული გერმანელი ფორვარდის, მიროსლავ კლოზეს გაწვრთნილმა ბავარიულმა კლუბმა სტუმრად „დიუსელდორფი“ მძიმე ბრძოლაში 3:2 დაამარცხა და სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა. გამარჯვებულებს შორის საუკეთესო ფინ ოლე ბეკერი იყო, რომელმაც პენალტი მოიპოვა და ერთი გოლიც გაიტანა.
რაც შეეხება ლუკა ლოჩოშვილს, 27 წლის ქართველი ცენტრალური მცველი ტრადიციულად სასტარტო შემადგენლობაში იყო, სრულად ითამაშა და ათბალიანი სისტემით 6.8 მეათედი მიიღო, რითაც „ნიურნბერგის“ მცველებს შორის გამორჩეული გახლდათ. მან 9-დან 8 ორთაბრძოლა მოიგო, ბურთს 74-ჯერ შეეხო და მისი 54 გადაცემიდან 44 ზუსტი აღმოჩნდა.
ლუკა ლოჩოშვილი რამდენიმე დღეში საქართველოს ნაკრებს შეუერთდება, სანაკრებო პაუზის შემდეგ კი, „ნიურნბერგი“ 19 ოქტომბერს, „კილს“ უმასპინძლებს.