გაბელია: „მსოფლიოზე თუ ვერ გავალთ, ვილი მაინც უნდა დარჩეს“
საქართველოს ნაკრები ოქტომბერში მსოფლიოს 2026 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ორ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას გამართავს - ვილი სანიოლის მომზადებული მოთამაშეები სტუმრად ჯერ ესპანეთის, შემდეგ კი თურქეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან. რამდენად რთული გამოცდა ელოდება წინ ქართველ ფეხბურთელებს და როგორი იქნება „ჯვაროსნების“ შანსები, ამის თაობაზე ლეგენდარულმა ქართველმა მეკარემ ოთარ გაბელიამ Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში საინტერესოდ ისაუბრა.
ოთარ გაბელია
წინ საკმაოდ მძიმე გამოცდები გველის, განსაკუთრებით ელჩეში ესპანელებთან, მაგრამ ვისაც არ ახსოვს, შევახსენებ, რომ სტუმრად „ფურია როხას“ ძლევის გამოცდილება გვაქვს. მართალია ის ამხანაგური მატჩი იყო, მაგრამ მთავარია ფარ-ხმალი თავიდანვე არ დავყაროთ და არ ვიფიქროთ, რომ ისინი დაუმარცხებლები არიან.
საქართველოს ამ ფორმაციის ნაკრების ბოლომდე მჯერა, რადგან გუნდში არაჩვეულებრივი ატმოსფეროა შექმნილი. გამიხარდა, რომ გიორგი მიქაუტაძემ „ვილიარეალში“ გატანა, გიორგი მამარდაშვილმა კი „ლივერპულში“ თამაში დაიწყო და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ხვიჩა კვარაცხელია დაგვეხმაროს, რადგან საოცარი, ლიდერის თვისებებით დაჯილდოებული ექსტრა-კლასის ფეხბურთელია.
რაც შეეხება ვილი სანიოლს, არაჩვეულებრივი მწვრთნელია, არაჩვეულებრივი სამწვრთნელო შტაბით და იმ შემთხვევაშიც კი, თუ მუნდიალის საგზურს ვერ მოვიპოვებთ, ჩემი აზრით მას ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მუშაობის გაგრძელების საშუალება უნდა მიეცეს. მთავარია, ბიჭებისგან და მისი გუნდისგან ყველა შეხვედრაში თავდადება დავინახოთ, თორემ ის კარგად ვიცით, რომ უცბად მსოფლიოს ჩემპიონები ვერ გავხდებით.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთი - საქართველოს მატჩი 11 ოქტომბერს, თურქეთი-საქართველოს შეხვედრა კი 14 ოქტომბერს გაიმართება და ორივე მათგანი თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება.