არც უმარი, არც მორაესი და არც ომალი | მერაბმა ურთულესი მეტოქე დაასახელა
მერაბ დვალიშვილი მომდევნო ორთაბრძოლას კორი სენდჰეგენის წინააღმდეგ გამართავს. „მანქანა“ სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრის დაცვას შეეცდება და „სენდმენს“ კვირას დილით დაუპირისპირდება.
საბრძოლო კვირის მიმდინარეობისას მერაბს ბევრი ინტერვიუ ჩამოართვეს. ერთ-ერთ მათგანში დვალიშვილს კარიერის ყველაზე რთული მეტოქის დასახელება სთხოვეს. ბევრისთვის გასაკვირად, „მანქანამ“ გამოარჩია მებრძოლი, რომელსაც UFC-ში მისვლამდე ეჩხუბა.
„უმარ ნურმაგომედოვი ჩემი ყველაზე რთული მეტოქე არ ყოფილა. უმარი გაფუჭებული ბავშვია, რომელიც UFC-იმ გაათამამა. რაც შეეხება ჩემს ყველაზე რთულ ბრძოლას, ეს ჩხუბი რაუფიონ სტოტსის წინააღმდეგ გავმართე. Ring of Combat-ის ქამარს ვიცავდი და ამ ორთაბრძოლას დენა უაითი დაესწრო, რომელიც სტოტსის სანახავად იყო მოსული.“
ცნობისთვის, დვალიშვილმა სტოტსი პირველივე რაუნდში, სფინინგ ბექფისტით დაანოკაუტა და UFC-ისგან კონტრაქტი მიიღო. მერაბს ლეგენდების წინააღმდეგ უჩხუბია და ბევრი რთული მეტოქე ჰყოლია. მათ შორის არიან მარლონ მორაესი, რომელმაც კინაღამ დააფინიშა, პიოტრ იანი, ჰენრი სეხუდო, შონ ომალი, ჯონ დოდსონი და ჟოზე ალდო, მაგრამ „მანქანა“ სტოტსს მათზე წინ აყენებს.