„კარგად ჭიდაობს, ძლიერი დარტყმა აქვს და სერიოზული მეტოქეა“ | ცარუკიანი ილიაზე
არმან ცარუკიანი ილია თოფურიაზე საუბარს კვლავ არ წყვეტს. სომეხი მებრძოლი ასლანბეკ ბადაევის პოდკასტის სტუმარი იყო და უპასუხა შეკითხვას, სურს თუ არა მასთან „ელ მატადორის“ დაპირისპირება.
„თოფურიას ჩემთან ჩხუბი არ უნდა, რადგან იცის, რომ მარტივ ფულს ვერ იშოვის და ძლიერად მოხვდება. ილია ხვდება, რომ მე იმ კალიბრის მებრძოლებს არ მივეკუთვნები, რომლებსაც პირველ რაუნდში ანოკაუტებს. ურჩევნია, გეიჯის ან პიმბლეტს ეჩხუბოს – მებრძოლებს, რომლებთანაც ფულს სწრაფად იშოვის და სახლში წავა.
ალბათ, 1-2 ორთაბრძოლას გამართავს და შემდეგ კრივში წავა. კროუფორდს გამოიწვევს, მასთან იჩხუბებს და დიდ ფულს იშოვის. კროუფორდისთვისაც საინტერესო ბრძოლა იქნება - დიდ ფულს მიიღებს და ტომარას სცემს. რას წარმოადგენს თოფურია კროუფორდისთვის?! არაფერს, რადგან კრივი MMA-სგან სრულიად განსხვავებული სპორტია.
თოფურია კარგად ჭიდაობს, ძლიერი დარტყმა აქვს და სერიოზული მოწინააღმდეგეა. არავინ ამბობს, რომ მარტივი გასეირნება მექნება, თუმცა საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ და ამ ორთაბრძოლის მიღება მასზე მეტად მინდა. ზოგიერთ ასპექტში თოფურია უკეთესია, ზოგიერთში – მე, და ჩხუბი აჩვენებს, ვინ უფრო ძლიერია.“
შეგახსენებთ, რომ ცარუკიანი თოფურიას აქტიურად იწვევდა, მაგრამ UFC-იმ დენ ჰუკერთან ჩაუნიშნა ჩხუბი. ჰუკერისა და ცარუკიანის დაპირისპირება 22 ნოემბერს გაიმართება.