სკანდალი იამალის გამო - ნაკრების სამედიცინო შტაბი გაოცებულია
უკვე საბოლოოდ გადაწყვეტილია, რომ ლამინ იამალი საზარდულის ტრავმის გამო ესპანეთის ნაკრებს ოქტომბრის მატჩებში ვერ დაეხმარება, რითაც „ფურია როხას“ სამედიცინო შტაბი გაოცებულია. Marca-ს ცნობით, ეროვნული გუნდისა და „ბარსელონას“ ექიმებს შორის უკანასკნელი კონტაქტი შედგა რამდენიმე საათით ადრე, სანამ ლუის დე ლა ფუენტე სანაკრებო განაცხადს გამოაქვეყნებდა და კატალონიელებს არანაირი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 18 წლის ფეხბურთელს ორი-სამი კვირის გამოტოვება მოუწევდა, არ მიუწვდიათ.
როგორც ესპანეთის ნაკრების წარმომადგენლები იუწყებიან, მათ „ბარსას“ სამედიცინო შტაბისგან მოისმინეს მხოლოდ ის, რომ ლამინი პსჟ-სთან მატჩის შემდეგ თავს გადაღლილად გრძნობდა და დისკომფორტს განიცდიდა, თუმცა ეს დისკომფორტი თუ იმდენად მძიმე იყო, რომ ის 5 ოქტომბერს, „სევილიასთან“ ასპარეზობასაც ვერ შეძლებდა, ამის შესახებ მათთვის არავის არაფერი უთქვამს. ამას მოჰყვა ის, რომ იამალის ჯანმრთელობის მდგომარეობის დაკავშირებით სამედიცინო დასკვნა კატალონიელებმა მხოლოდ მას შემდეგ გააასაჯაროვეს, როდესაც დე ლა ფუენტემ განაცხადი გამოაქვეყნა, რაც კიდევ დამატებით ეჭვებს იწვევს. ამის გამო, ნაკრების ხელმძღვანელებმა „ბლაუგრანას“ ექიმებს საყვედური გამოუცხადეს და აღნიშნეს, რომ მათ ამის შესახებ თავიდანვე რომ სცოდნოდათ, მთავარი მწვრთნელი ლამინს არ გამოიძახებდა.
შეგახსენებთ, რომ იამალთან დაკავშირებით პირველი სერიოზული დაპირისპირება სექტემბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ მოხდა, როდესაც ჰანსი ფლიკმა აღნიშნა, რომ ესპანეთის ეროვნული გუნდი თავის ფეხბურთელებს უფრო მეტად უნდა უფრთხილდებოდეს, რადგან იამალს ტრავმის მიუხედავად დასვენების საშუალება არ მისცეს.