სერხიო აგუერო
Aa
Aa

გატეხილი ლავიწი, სიღარიბე და გზა დიდებულ კარიერამდე - სერხიო აგუერო

2017 წლის სექტემბრის ბოლოს, სერხიო აგუერო ამსტერდამის აეროპორტში მიემგზავრებოდა, მაგრამ ტაქსით ავარიაში მოჰყვა და ნეკნი მოიტეხა, რამაც რამდენიმე კვირით გადადო გარდაუვალი ფაქტი: მას მხოლოდ ორი გოლი აშორებდა „მანჩესტერ სიტის“ ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირის ტიტულისგან.

იმ სეზონის რვა მატჩში აგუერომ შვიდი გოლი გაიტანა, ხოლო „ლივერპულთან“ შეხვედრის მეორე ტაიმში, თვითონ აღარ დაარტყა, არამედ საგოლე პასი გაუკეთა თავის კონკურენტს, გაბი ჟეზუსს.

„ლივერპულისთვის“ გატანილი გოლით, აგუერო პრემიერ ლიგის ისტორიაში, საუკეთესო ბომბარდი გახდა, არაევროპელთა შორის, თუმცა მისი ცხოვრება ევროპაში გადასვლამდე, სრულყოფილებისგან შორს იყო.

სერხიო აგუერო

სერხიო მეორე შვილი იყო 19 წლის ლეონელ დელ კასტილოსა და 17 წლის ადრიანა აგუეროს ოჯახში.

1988 წლის 11 მარტს, როდესაც ადრიანა სერხიოზე ორსულობის მეექვსე თვეში იყო, ბუენოს-აირესში წყალდიდობა მოხდა, რომელმაც 24 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

სერხიოს ოჯახი ევაკუაციას დაექვემდებარა. საეკლესიო სკოლის ერთ-ერთ კაბინეტში, მატრასზე გატარებული ორი კვირის შემდეგ, ადრიანა ნაადრევი მშობიარობის რისკის გამო, საავადმყოფოში მოათავსეს.

მან სამშობიაროში ორ თვეზე ნაკლები გაატარა. მშობიარობის დროს, სერხიოს ლავიწი გაუტეხეს, ამიტომ დედა-შვილი საავადმყოფოში დამატებით ორი კვირა დარჩა.

არგენტინული კანონმდებლობით, არასრულწლოვან მამას არ შეეძლო ბავშვისთვის თავისი გვარის მიცემა, ამიტომაც სერხიოს დედის გვარი ჩაუწერეს.

9 თვის შემდეგ, არგენტინაში ინფლაციამ 96 პროცენტს მიაღწია, დაიხურა საცხობი, სადაც ლეონელი მუშაობდა და მან ისევ დაიწყო ფულის შოვნა სამოყვარულო გუნდებში შაბათ-კვირას ფეხბურთის თამაშით. ის დღეში ხუთამდე მატჩს ატარებდა.

1989 წლის ივლისში, ოჯახს მესამე შვილი შეემატა. ლეონელმა მშენებლობაზეც დაიწყო მუშაობა და მალე ფერადი ტელევიზორი იყიდა, რომელშიც მისმა შვილმა იაპონური მულტფილმი „კუმ-კუმი“ პირველად ნახა.

სწორედ ამ მულტფილმის წყალობით გახდა სერხიო აგუერო „კუნი“.

სერხიო აგუერო

ექვსი წლის ასაკში, საბავშვო ლიგაში თამაშის შემდეგ, აგუერო მოხვდა კონდიტერ ხორხე არისასთან, რომელიც ჰობის სახით ავარჯიშებდა ბავშვთა გუნდ „პრიმერა დე მაიოს“.

შვიდი წლის ასაკში, კუნი შაბათ-კვირას ოთხ მატჩს თამაშობდა, ცხრა წლის ასაკში მან სინჯები „ლანუსში“ გაიარა, მაგრამ კლუბში შესასვლელად საჭირო იყო საწევროს გადახდა და ფორმის ყიდვა. ლეონელ დელ კასტილოს ამისთვის ფული არ ჰქონდა – იმ დროისთვის ის უკვე შვიდი შვილის მამა იყო.

იმავე მიზეზით, კუნი ვერ მოხვდა „კილმესში“. აგუერომ თამაში განაგრძო პატარა გუნდებში, შემდეგ მოიგო რამდენიმე რეგიონული თასი და მოხვდა კლუბ „ლოს პრიმოსში“, რომლის მფლობელიც მამამისს არათუ ფულს არ სთხოვდა, არამედ მძღოლადაც კი აიყვანა.

მალე ჟურნალისტმა ედუარდო გონსალესმა, კუნის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა ნაცნობ იურისტს, რომელიც სწორედ ფეხბურთის ინვესტიციებით იყო გატაცებული.

1998 წლის 24 ნოემბერს, მან აგუეროს მშობლებს შესთავაზა ახალი სახლი და ყოველთვიური დახმარება, სანაცვლოდ კი მოითხოვა კუნიზე 100%-იანი უფლება და მისი აგენტობა მომდევნო ათი წლის განმავლობაში.

მშობლები დათანხმდნენ და რამდენიმე დღის შემდეგ, მწვრთნელმა აგუსტინ ბალბუენამ კუნი „ინდეპენდიენტეს“ ბავშვთა გუნდში აიყვანა.

ამ გუნდთან ერთად, აგუერო 1999 წლის იანვარში, პრესტიჟულ საბავშვო ტურნირზე გაემგზავრა ბალკარსეში – ერთი წლით ადრე მისი საუკეთესო მოთამაშე „ნიუელს ოლდ ბოიზის“ შემტევი ნახევარმცველი, ლიონელ მესი იყო, რომელმაც ფინალში სამი გოლი გაიტანა.

აგუერომ ოთხ მატჩში ექვსი გოლი გაიტანა, მაგრამ ნახევარფინალში მისი გუნდი იმავე „ნიუელს ოლდ ბოიზს“ შევდა, სადაც ახალი ვარსკვლავი ლეანდრო დეპეტრისი გამოჩნდა.

იმავე წელს, აგუერო მშობლებთან ერთად ახალ სახლში გადავიდა და პრესტიჟულ სკოლა „ალტო სოლში“ დაიწყო სიარული.

„ინდეპენდიენტეში“ აგუეროს საუკეთესო მეგობარი მეკარე ემილიანო მოლინა გახდა, რომელიც ცნობილი იყო თავისი სიმაღლით და იმით, რომ გუნდის შტატიანი პენალტისტი იყო.

2002 წლის 20 ივლისს, „როსარიოს“ კარში, აგუეროს მიერ ბოლო წუთზე გატანილმა გოლმა, „ინდეპენდიენტე“ არგენტინის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული გახადა.

სამი თვის შემდეგ, „იუვენტუსმა“ 14 წლის აგუეროს კონტრაქტი, ტურინში ბინა და ერთ-ერთი მშობლის თან წაყვანის შესაძლებლობა შესთავაზა.

ხოსე მარია ასტარლოამ, კუნის აგენტმა, სცადა ადრიანასა და ლეონელის დარწმუნება, რომ იტალიაში ამ ასაკში გადასვლა, მათი შვილისთვის ზედმეტად სარისკო იყო, მაგრამ არ შეკამათებია იმ ფაქტს, რომ „იუვენტუსის“ ფული მათ ყოფით პრობლემებს მოაგვარებდა. მეორე დღეს მშობლებმა აგენტს აცნობეს, რომ კუნი „ინდეპენდიენტეში“ რჩებოდა.

2003 წლის აპრილში, ასტარლოამ აგუეროზე სააგენტო უფლებები კომპანია IMG დაუთმო. სერხიოს ოჯახი ორსართულიან სახლში გადავიდა, კუნმა კი Nike-ის კონტრაქტი მიიღო.

ივნისში, როცა სერხიოს 15 წელი შეუსრულდა, მან გაიგო, რომ „ინდეპენდიენტეს“ ახალი თავკაცი, ოსკარ რუჯერი, მას ძირითად გუნდში იწვევდა. კუნი იმ მოთამაშეებთან ერთად აღმოჩნდა მოედანზე, რომლებსაც ერთი წლის წინ ბურთებს აწვდიდა. 2 ივლისს მან მწვრთნელისგან მოისმინა: „მზად ხარ, ხვალ მატჩის განაცხადში იყო თუ შეგეშინდა?“

„როსარიოში ვიყავი, სადაც ბარსელონიდან ივლისის არდადეგებზე ჩავედი. რამდენიმე დღით ადრე თექვსმეტი წელი შემისრულდა და ვოცნებობდი, რომ ოდესმე „ბარსელონას“ ძირითად შემადგენლობაში მქონოდა დებიუტი. იმ შაბათ საღამოს ტელევიზორში არგენტინის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩს ვუყურებდი: „ინდეპენდიენტე“ – „სან-ლორენსო“. თავად მატჩი ნაკლებად მახსოვს, მაგრამ მახსოვს მომენტი, როდესაც „ინდეპენდიენტეს“ მოთამშე აჩვენეს.ის ჩემი ტოლი ჩანდა. შემდეგ კომენტატორებმა თქვეს, რომ ის ახლახან გახდა თხუთმეტის და არგენტინული ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა“, - იხსენებდა ლიონელ მესი აგუეროს შესახებ დაწერილ წიგნში.

წლის ბოლომდე აგუერო მეორე გუნდში თამაშობდა და მხოლოდ 2004 წლის იანვარში, 60 წლის ხოსე პასტორისამ, რომელმაც მეხუთედ ჩაიბარა „ინდეპენდიენტე“, კუნი ძირითად შემადგენლობაში დააბრუნა.

გაჩაღებულ დისკუსიაში – მიზანშეწონილია თუ არა ბავშვების ზრდასრულ ფეხბურთში ჩართვა, პასტორისამ განაცხადა, რომ მისთვის უფრო მნიშვნელოვანია კუნის კლასი და არა ასაკი.

აგუერომ ითამაშა ლიბერტადორესის თასზეც, სადაც ასევე გახდა ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი, ხოლო მალევე, 16 წლის ასაკში, ჩემპიონატში პირველად ჩაატარა სრული მატჩი – „ატლეტიკო დე რაფაელას“ წინააღმდეგ.

სერხიო აგუერო

კუნი „ინდეპენდიენტესთან“ პროფესიონალური კონტრაქტის გაფორმებას აპირებდა, მაგრამ 2004 წლის 2 აგვისტოს, გამთენიისას, მამისგან გაიგო, რომ მწვრთნელი ხოსე პასტორისა გულის შეტევით გარდაიცვალა. კონტრაქტისთვის აღარ ეცალათ.

2005 წლის დასაწყისში, მან არგენტინის ახალგაზრდული ნაკრების შეკრებაზე გაიცნო ლიონელ მესი, ხოლო როცა მოტივაციის ამაღლების მიზნით, დიდი ნაკრების ვარჯიშზე მოხვდა, შეეჯახა გაბრილ მილიტოს, მუხლი დაიზიანა, ოპერაცია გადაიტანა და ამერიკის თასი გამოტოვა.

სამაგიეროდ, გამოჯანმრთელების შემდეგ, მან პირველივე თამაშში გაიტანა და 20-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადში მოხვდა.

იმ ტურნირზე აგუერო იმით იყო გახარებული, რომ ბოლო წუთებზე „არხენტინოს ხუნიორსის“ 20 წლის ვარსკვლავის, გუსტავო ობერმანის ნაცვლად გადიოდა მოედანზე, თუმცა ესეც საკმარისი აღმოჩნდა მადრიდის „ატლეტიკოს“ სპორტული დირექტორის, ტონი მუნიოსის აღსაფრთოვანებლად და ნიგერიასთან ფინალში პენალტის მოსაპოვებლად, რითაც მესიმ მეორე გოლი გაიტანა.

არგენტინაში ოქროს მედლით დაბრუნებისა და სეზონის კარგად დაწყების შემდეგ, აგუერო მარადონას წვეულებაზე მივიდა. იქვეგაიცნო დიეგოს უფროსი ქალიშვილი, ჯანინა, რომელიც მისი ცოლი გახდა.

მომდევნო ჩემპიონატში, აგუეროს გოლი ყოველ მეორე თამაშში გაჰქონდა, მარადონა კი მოუწოდებდა, კუნი მსოფლიო ჩემპიონატზე წაეყვანათ.

სერხიოს მიმართ ევროპის უმდიდრესი კლუბები იჩენდნენ ინტერესს, მაგრამ 2006 წლის აპრილში, კუნი 23 მილიონ ევროდ „ატლეტიკომ“ იყიდა.

მადრიდულ კლუბში კუნიმ 175 მატჩი ჩაატარა და 74 გოლი გაიტანა.

მისი კარიერის მნიშვნელოვანი თავი „მანჩესტერ სიტია“, სადაც მან 10 წელი გაატარა.

„ქალაქელების“ შემადგენლობაში მისი მიღწევები შემდეგნაირად გამოიყურება:

საუკეთესო ბომბარდირი კლუბის ისტორიაში (275 გოლი).
საუკეთესო ბომბარდირი პრემიერ ლიგის ისტორიაში, უცხოელებს შორის.
ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი პრემიერ ლიგის ისტორიაში.

სერხიო აგუერო

კუნის ბოლო კლუბი „ბარსელონა“ იყო, სადაც მან მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა. სერხიოს გულზე აღმოაჩნდა პრობლემა, რის გამოც, 2021 წლის დეკემბერში, კარიერა დაასრულა.

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
10 რამ, რამაც რონალდინიო განსაკუთრებული გახადა
10 რამ, რამაც რონალდინიო განსაკუთრებული გახადა