„ყველას აქვს გეგმა, სანამ სახეში მუშტი მოხვდებათ“ - სენდჰეგენმა დვალიშვილს უპასუხა
UFC-ის მედია დღის ფარგლებში სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის კონტენდერმა, კორი სენდჰეგენმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
„საჩემპიონო ჩხუბისთვის მომზადება უფრო სასიამოვნო იყო. მწვრთნელები ჩვეულებრივზე უფრო მეტს ითხოვდნენ ჩემგან და მეც უფრო მეტს ვმუშაობდი დარბაზში. ასეთი ძლიერი ოპონენტისთვის მომზადებამ ახალ დონეზე ამიყვანა. „კემპმა“ იდეალურად ჩაიარა.
მერაბი დგომში ჩხუბს გეგმავს? ყველას აქვს გარკვეული გეგმა, სანამ სახეში მუშტი მოხვდებათ. ვნახოთ, მოინდომებს თუ არა ის დგომში ჩხუბს 2-3 რაუნდის შემდეგ. თუ კარიერას ისე დავასრულებ, რომ ჩემპიონი ვერ გავხდები, საკუთარ თავზე ძალიან გაბრაზებული ვიქნები. ასე რომ, ჩემპიონობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამავდროულად, არ ვფიქრობ, რომ ეს ბოლო შანსია.
მერაბთან ჩხუბი ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ მას ყველა დროის საუკეთესო მებრძოლად მიიჩნევენ. იმისათვის, რომ მეტი აღიარება მოვიპოვო, მერაბის დამარცხებაა საჭირო. კაცებს შორის ამერიკას მოქმედი ჩემპიონი არ ჰყავს და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის.
უმარ ნურმაგომედოვი ჭიდაობაში მერაბზე უკეთესი თუ არა, მას არაფრით ჩამოუვარდება. ახლა ვიცი, რომ ამ დონეზე ჭიდაობა შემიძლია. თეთრ სახლში ჩემპიონის ტიტულის დაცვა? ჩემს რეიტინგში უმარ ნურმაგომედოვი და პიოტრ იანი შონ ომალიზე მაღლა დგანან, მაგრამ ვიცი, რომ გულშემატკივრებს ჩემი და „შუგას“ ჩხუბის ნახვა სურთ. იმედია, ეს თეთრ სახლში მოხდება“.
შეგახსენებთ, რომ 5 ოქტომბერს მერაბ დვალიშვილი ჩემპიონის ტიტულს ამერიკელ კორი სენდჰეგენთან ჩხუბში დაიცავს. ეს დვალიშვილისთვის მიმდინარე წელს მესამე დაცვა იქნება - იანვარში „მანქანამ“ უმარ ნურმაგომედოვი, ივნისში კი შონ ომალი დაამარცხა.