„ვიცით, რომ დანაკლისის მიუხედავად, ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია - პსჟ-ს ფეხბურთელები
უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ფაზის მე-2 ტურში, „პარი სენ-ჟერმენი“ სტუმრად „ბარსელონას“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 1:2 დაამარცხა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, პსჟ-ს ფეხბურთელებმა განვლილი მატჩი შეაფასეს.
გონსალუ რამუში:
„დანაკლისი გვქონდა, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ითამაშებს. უდავოდ, ჩვენი ძლიერი მხარე ჩვენივე მენტალიტეტია. აქ, მთელი კვირის განმავლობაში ყველა ძალიან ბევრს შრომობს. მატჩის დღეს კი, ვინც არ უნდა ითამაშოს, ისე ვითამაშებთ, როგორც პსჟ თამაშობს ყველა მატჩში.“
„ბარსელონას ფეხბურთელების მუქარაზე? ჩვენ ევროპის ჩემპიონები ვართ და მეტს აღარაფერს ვიტყვი. თუ საუკეთესო ხარ, ეს მოედანზე უნდა აჩვენო და არა მხოლოდ ილაპარაკო.“
ვიტინია:
„მართლაც წამოუდგენელი მატჩი იყო. ნამდვილად ვამაყობ ამ გუნდით. თამაშები ადრეც შემოგვიბრუნებია, მაგრამ ამჯერად სასტარტო შემადგენლობის ხუთი მოთამაშე გვაკლდა. სამაგიეროდ, გვყავდა სხვები, რომლებმაც უმაღლეს დონეზე ითამაშეს, ისევე როგორც სათადარიგოდან შემოსულებმა. ვინც არ უნდა ითამაშოს, ყოველთვის იმას იხილავთ, რასაც პსჟ-სგან ელით.“
„ჩვენი გუნდი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. სტუმრად, ასეთი გუნდის წინააღმდეგაც მოვახერხეთ მეორე ტაიმის ასე ჩატარება და მატჩის შემობრუნება. ეს შესანიშნავი გზავნილია, რომელსაც ჩვენი გუნდი გზავნის. მინდა ჩემს ყველა თანაგუნდელს მადლობა გადავუხადო და ვუთხრა, რომ მათით ძალიან ვამაყობ.“
„როდესაც პერიოდი გვქონდა, შეიძლებოდა მეორე გოლი გაგვეშვა და თამაში წაგვეგო, მაგრამ საპირისპირო გავაკეთეთ. ეს საკმაოდ რთულია, დამიჯერეთ, ამის გაკეთება ადვილი არ არის.“
„საიდუმლო იმაშია, რომ ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს, ძალიან ძლიერი მწვრთნელი, რომელიც ძალიან გვეხმარება და გამუდმებით გვეუბნება, რომ ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია. და ჩვენც ვიცით, რომ ამის გაკეთება შეგვიძლია. შემდეგ, როდესაც ამას ერთხელ, ორჯერ, სამჯერ ახერხებ, იცი, რომ ამის გაკეთება კიდევ შეგიძლია.“
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონას“ წინააღმდეგ პსჟ-ს ტრავმების გამო ხვიჩა კვარაცხელია, უსმან დემბელე, დეზირე დუე და მარკინიოსი ვერ ეხმარებოდნენ. ასევე, ვერ ითამაშა ჟოაო ნევეშმაც, რომელიც ტრავმიდან ახალი დაბრუნებული იყო და ლუის ენრიკემ 20 წლის ნახევარმცველის მდგომარეობით გარისკვა არ ისურვა, თუმცა სამატჩო განაცხადში მაინც შეიყვანა.
ლიგის ფაზის 2 ტურის შემდეგ, პსჟ-ს ორი მოგება აქვს და 6 ქულით სატურნირო ცხრილში მე-3 პოზიციაზე იმყოფება. ლუის ენრიკეს გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო შეხვედრას 21 ოქტომბერს, სტუმრად, „ბაიერ ლევერკუზენთან“ გამართავს.